ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია - „კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული იდენტობა და უნივერსალური ღირებულებები“. კონფერენცია თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა.
„კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება არის ეროვნული იდენტობისა და უნივერსალური ღირებულებების სინთეზი. მისი ნაშრომები ქმნის ხიდს ქართულ კულტურასა და მსოფლიო ინტელექტუალურ სივრცეს შორის. სწორედ ასეთი ადამიანები გვახსენებენ, რომ ჩვენი ლიტერატურა არა მხოლოდ ეროვნული, არამედ მსოფლიო მნიშვნელობისაა,“ - აღნიშნა რექტორმა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება გამოფენა თსუ მუზეუმში, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნება.
კონფერენცია 27-28 მაისს გაგრძელდება და მოიცავს მრავალფეროვან სესიებს, სადაც მეცნიერები, მკვლევრები და სტუდენტები იმსჯელებენ კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებასა და მის მნიშვნელობაზე ეროვნული იდენტობისა და უნივერსალური ღირებულებების კონტექსტში.