საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიის ქალთა სამოსის მინიატურული კოლექციის გამოფენა

 „კავკასიის ქალთა სამოსი“ - ამ სახელწოდებით გაიმართა თსუ-ის მუზეუმში ქართველი ეთნოგრაფის ასმათ საღინაძის გამოფენა, სადაც კავკასიაში მცხოვრებ ეთნოსთა ეროვნული სამოსის მინიატურული კოლექცია იყო წარმოდგენილი. ავტორის მიერ შექმნილი კავკასიაში მცხოვრებ ქალთა სამოსელის მინიატურული კოლექცია მრავალწლიანი კვლევების შედეგად შეგროვებულ ვიზუალურ და ეთნოლოგიურ მასალას ეყრდნობა. სომეხი, აზერბაიჯანელი, ჩეჩენი, ინგუში, ჩერქეზი, ადიღელი, ყაბარდოელი, აფხაზი, ოსი და სხვა კავკასიელი ქალების მინიატურული სამოსი მათი ეთნიკური იდენტობის მიხედვით არის შექმნილი. 
როგორც გამოფენის გახსნაზე თავად კოსტიუმების ავტორმა აღნიშნა, ნამუშევრების შექმნის პროცესი მრავალმხრივ საინტერესო და, ამავე დროს, საპასუხისმგებლოა, ამიტომ, ხშირად, პატარა დეტალსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ამდენად თითოეულ კოსტუმზე მუშაობისას გამოფენის ავტორი, ძირითადად, ფონდებიდან, არქივებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, საოჯახო ისტორიული ალბომებიდან, სამუზეუმო საცავებიდან, შუა საუკუნეების მინიატურებიდან, გასული საუკუნეების მოგზაურთა ჩანახატებიდან და ლითოგრაფიებიდან მოძიებული მასალებით ხელმძღვანელობს. კავკასიური სამოსელის კომპლექსების კვლევა, კულტუროგენეზის ტერიტორიული ასპექტის გათვალისწინებით, საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ მოსაზღვრე ეთნოსების კულტურული ზეგავლენის ვექტორები და მათი ცვლილებების მიზეზები.
ერთიანობაში წარმოდგენილი კოლექცია კარგად ასახავს იმ მრავალფეროვნებას, თავისებურებებს, მსგავსებასა და განსხვავებას, რომლითაც ასე სავსე და მდიდარია კავკასია.
„სამოსი კულტურული მემკვიდრეობის განუყრელი ნაწილია. საუკუნეების მანძილზე კავკასიელი ქალბატონები ტანსაცმლის შესანიშნავ ნიმუშებს ქმნიდნენ, რომელშიც მათი ეთნოსებისათვის დამახასიათებელი სოციალურ-კულტურული, ეკონომიკური და რელიგიური მდგომარეობა აისახებოდა. კავკასიაში 50-ზე მეტი ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი სახლობს, რომელთა შორის ისტორიულად და გეოგრაფიულად განპირობებულმა ხანგრძლივმა სოციალურ-ეკონომიკურმა ურთიერთობამ საერთო კულტურული სივრცის შექმნას შეუწყო ხელი. ეს მოვლენა მკაფიოდ აისახა ადგილობრივი მოსახლეობის სამოსელში. მამაკაცის ჩაცმულობა, ზოგიერთი შემთხვევის გარდა, ძირითადად, ჩოხა-ახალუხითაა წარმოდგენილი, რომელიც სხვადასხვა ვარიაციებით გვხვდება კავკასიის ყველა ეთნოსში. გაცილებით მრავალფეროვანია ქალის ჩაცმულობა, როგორც ეთნოსებისათვის დამახასიათებელ ფერთა შეხამებაში, ასევე, თავსაბურების, სახელოთა სტილის თუ გულისპირთა მორთულობის თავისებურებაში. მიუხედავად ასეთი ნაირსახეობისა, დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევს საერთო კულტურული არეალისათვის დამახასიათებელი ურთიერთგავლენის კვალს“, - ამბობს ასმათ საღინაძე.
კავკასიის ეროვნული სამოსით და სპეციფიკით ეთნოგრაფი დიდი ხნის წინ დაინტერესდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში ყოველწლიურად მონაწილეობდა ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. სტუდენტებთან ერთად მოვლილი აქვს ფშავი, ზემო და ქვემო სვანეთი, მთიანი რაჭა და სამეგრელო, სადაც იწერდა ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. ასმათ საღინაძე სხვადასხვა დროს, ასევე, მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში, მოსწავლეთა სასახლის ეთნოგრაფიულ კაბინეტში, ასევე სკოლაში - „ქართული სასწავლებელი“ მითოლოგიისა და ზღაპრის ექსპერტად.
„1986 წელს ცნობილი მხატვარი და ეთნოგრაფიული თოჯინების უნიკალური ავტორი, ქალბატონი ნინო ბრაილაშვილი გავიცანი. სწორედ მასთან ურთიერთობამ და მისგან მიღებულმა რამდენიმე გაკვეთილმა გამიღვივა ინტერესი - თავადაც შემექმნა ეთნოგრაფიული თოჯინები, ამისათვის კი ბევრად მეტი ცოდნა და ინფორმაციის მოძიება იყო საჭირო კავკასიის ამა თუ იმ ხალხთა ყოფის, კულტურის შესახებ. დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ვსწავლობდი, ვკითხულობდი და ვეძებდი ვიზუალურ მასალებს კავკასიის ხალხთა მატერიალური კულტურის შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე თოჯინების შექმნა. პირველი გამოფენა 2010 წლის გაზაფხულზე „თიბისი ბანკის“ საგამოფენო დარბაზში გაიმართა. რამდენიმე გამოფენა მქონდა ფოლკლორის ცენტრში, ეთნოგრაფიის მუზეუმში, ბაქოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმსა და, ბოლოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვაგრძელებ ნიმუშების შექმნას“, - ამბობს ასმათ საღინაძე.

შურთხია ბეროშვილი

თარიღი: 19/10/2019