საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
YfGYOFSE1545210727.svg
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

1918 წელს გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების   სწავლებას საფუძველი ჩაეყარა სიბრძნისმეტყველების   ფაკულტეტზე. აღნიშნულ ფაკულტეტთან, 1918 წელს   ივ. ჯავახიშვილისა და ფ. გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე, პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ეკონომიკური განყოფილება (საეკონომიო დარგი). ამ დროიდან დაიწყო უნივერსიტეტში ეკონომიკური დისციპლინების სწავლება: ,,პოლიტიკური ეკონომია“, ,,სტატისტიკა“, ,,საფინანსო მეცნიერება“, ,,საქართველოს ეკონომიკური ისტორია“, ,,საეკონომიო მოძღვრებათა ისტორია“, ,,ბუხჰალტერია“. ეკონომიკის დარგს სათავეში ედგა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომელიც აღიარებულია საქართველოში ეკონომიკური მეცნიერებების ჩამოყალიბების ფუძემდებლად.

1922 წელს დამოუკიდებლად  შეიქმნა სოციალ-ეკონომიკური  ფაკულტეტი (დეკანები: პროფ. შ. ნუცუბიძე, პროფ. დ. უზნაძე), რომელიც მოიცავდა ორ განყოფილებას ეკონომიკურსა და იურიდიულს. აღნიშნულ ფაკულტეტზე ,,პოლიტიკური ეკონომიის“, ,,საფინანსო მეცნიერებისა“ და ,,სტატისტიკის“ კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ფ. გოგიჩაიშვილი.

1931 წელს სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა   ეკონომიკის ფაკულტეტი, რომელიც გახდა ეკონომიკური პროფილის სასწავლო–აღმზრდელობითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ერთადერთი ცენტრი საქართველოში.  

ეკონომიკის ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო მუშაობას საფუძველი ჩაუყარეს ცნობილმა პროფესორებმა, რომელთა დიდ ნაწილს საუნივერსიტეტო განათლება მიღებული ჰქონდათ უცხოეთის ცნობილ უნივერსიტეტებში, მათ შორის, იყვნენ : ფ. გოგიჩაიშვილი, პ. გუგუშვილი, ა. ფანცხავა, გ. მეგრელიშვილი, ბ. რამიშვილი, კ. ორაგველიძე, ა. ინწკირველი, ვ. ბახტაძე, ვლ. პაპავა, გ. გეხტმანი, ს. ავალიანი, ა. ერქომაიშვილი,  ა. ნუცუბიძე, ლ. კარბელაშილი,  ნ. ქოიავა,   ნ. იაშვილი, ს. ბერაძე, ა. გოკიელი, ვ. ჩანტლაძე,  ი. მიქელაძე, ვ. მელქაძე,   თ. ჭაია, ი. ჯაში და სხვ.

გასული საუკუნის 70–იან წლებში თსუ–ში შეიქმნა ეკონომიკური მიმართულების ახალი   ფაკულტეტები: სააღრიცხვო–ეკონომიკური (1975 წელი),   საინჟინრო–ეკონომიკური (1970 წელი),   სახალხო მეურნეობის დაგეგმვისა (1972 წელი) და ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის (1972 წელი). 1985 წელს სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი გაერთიანდა ეკონომიკის ფაკულტეტთან. 1995 წელს გაიხსნა საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი. გასული საუკუნის 90–იან წლებიდან 2005 წლამდე უნივერსიტეტში ეკონომისტთა კვალიფიციური კადრების მომზადებას ემსახურებოდა ოთხი ფაკულტეტი: ეკონომიკის,   მიკრეოკონომიკისა და მენეჯმენტის, კომერციისა და მარკეტინგისა და საერთაშორისო ბიზნესის.

2005 წლიდან საქართველოს სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემაში რეფორმების ინტენსიური პროცესი   მიმდინარეობდა. ქვეყნებს   შორის კულტურული და სამეცნიერო კონტაქტების არსებითმა გაფართოებამ გამოიწვია უმაღლესი განათლების ჰარმონიზაციისა და   რეორგანიზაციის აუცილებლობა. თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტთა აღზრდისა და განათლების სისტემა გადავიდა მსოფლიოს წამყვანი   უნივერსიტეტების მუშაობის სტანდარტებზე. უმაღლესი განათლების სფეროში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების შემოღება პირველი დიდი ნაბიჯები იყო ევროპული და ამერიკული   განათლების   სისტემასთან    მიახლოებისაკენ.    უნივერსიტეტის ფაკულტეტები და მათ შორის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სწავლების ახალ, ორსაფეხურიან   სისტემაზე   გადავიდა.   მიმდინარე  რეფორმების   პერიოდში განხორციელდა ეკონომიკის პროფილის ოთხივე ფაკულტეტის გაერთიანება და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.