საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ADAMI TALKS 2020 - ონლაინ დისკუსია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ინტერაქტიული ონლაინ დისკუსია ADAMI TALKS 2020. ინტერაქტიურ სიმპოზიუმში, რომლის თემა იყო „შეგვიძლია თუ არა შევცვალოთ სამყარო? როგორია ჩვენი გავლენა?“ მონაწილეობდნენ ლიეტუვას, ბელორუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები, ტელე-კინოსკოლების წარმომადგენლები. ონლაინ დისკუსიის მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მაიკე ვან კოლდამი და ADAMI Media Prize-ის დირექტორი სტეფან ტოლცი მიესალმნენ.

ღონისძიებაზე ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მედია და კინო პროფესიონალებმა, საზოგადო მოღვაწეებმა მედია ფაკულტეტების სტუდენტებს, ახალგაზრდა ჟურნალისტებსა და კინემატოგრაფისტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და გამართეს დისკუსია. კერძოდ, შუქდება თუ არა და როგორ ხდება ყურადღების ფოკუსირება კულტურული მრავალფეროვნების თემებისა და პრობლემების მიმართ ზრდადი ნაციონალიზაციისა და პოლარიზაციის პირობებში.

ADAMI TALKS წარმოადგენს ინოვაციურ პლატფორმას აუდიოვიზუალური მედიისთვის კულტურული მრავალფეროვნების აქტუალური თემების განსახილველად. ეს არის პლატფორმა გამოცდილების გაზიარების და ახალი იდეების, მიდგომების წარმოჩენისთვის.

ADAMI Media Prize კულტურული მრავალფეროვნებისთვის ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ინტეგრაციის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების გარშემო მედიის და კინოსკოლების წარმომადგენლების კომუნიკაციის და გამოცდილების გაცვლისათვის. მაუწყებლებს, რეჟისორებსა და ჟურნალისტებს ყოველწლიურად ეძლევათ შესაძლებლობა საუკეთესო ნამუშევრები წარადგინონ ADAMI Media Prize პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დისკუსიის ბოლოს, რეგიონში არსებულ ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული აუდიოვიზუალური საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდა. ჯილდო გადაეცათ ექვს კატეგორიაში (გასართობი გადაცემები/მხატვრული ფილმები, დოკუმენტური ფილმები, ახალი ამბები/მოკლემეტრაჟიანი არამხატვრული ფილმები, სტუდენტური ნამუშევრები, ვებსაიტები და ონლაინ ვიდეო) შექმნილი ნამუშევრების ავტორებს.

თარიღი: 10/12/2020