საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ქვემო ქართლის ეთნიკური და დემოგრაფიული სურათი" ონლაინ პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდრე ბოშიშვილის წიგნის „ქვემო ქართლის ეთნიკური და დემოგრაფიული სურათი (ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა)“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.

მონოგრაფია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის“ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გამოიცა. აღნიშნული პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ბაზაზე განხორციელდა.

პრეზენტაციას დაინტერესებული ფართო საზოგადოება ესწრებოდა, მათ შორის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, თსუ-სა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ნაშრომში განხილულია ქვემო ქართლის ისტორია, მისი პოლიტიკური მდგომარეობა სხვადასხვა ეპოქაში, მოსახლეობის მოძრაობა, ამ ტერიტორიაზე ეთნიკური ჯგუფების (სომხების, თურქმანული ტომების, ბერძნების, გერმანელებისა და სხვ.) დასახლებისა და თანაცხოვრების საკითხები.

მიუხედავად ქვემო ქართლში არსებული მრავალფეროვნებისა და ეთნიკური თუ კონფესიური სიჭრელისა, არცერთ ეპოქაში მოსახლეობას შორის ეთნიკური ან რელიგიური შუღლის მაგალითები არ იკვეთება. ქართული და უცხოენოვანი წყაროების მიხედვით ნათელია, რომ მათ შორის ურთიერთგაგება არსებობდა და თანაცხოვრებას მშვიდობიანად ახერხებდნენ. ეს, პირველ რიგში, ადგილობრივი ქართული მოსახლეობის ტოლერანტობით იყო განპირობებული.

წიგნი განკუთვნილია ქვემო ქართლისა და ზოგადად, საქართველოს ისტორიის, ასევე, ეთნიკური და დემოგრაფიული საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

თარიღი: 23/06/2021