საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში” (SQUARE)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული მესამე მისიის აქტივობების, მიღწევებისა და მიმდინარე პროგრესის შესახებ ისაუბრა თსუ რექტორმა პროექტის - „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში” (SQUARE) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერიის სამსახურებისა და საკრებულოს კომისიების ხელმძღვანელები, პარიზის ხელოვნებისა და ხელოსნობის ეროვნული კონსერვატორიისა და ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც ამავდროულად მესამე მისიის პროექტის კონსორციუმის წევრები არიან. 

 

“შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ პროექტის ძირითად მიზნებზე, განხორციელების გზებზე. ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა წარმოადგინეს კარგი მაგალითები. ეს იყო კონკრეტული მაგალითების გაზიარება. დღევანდელი შეხვედრა ბიძგს მისცემს ამ თანამშრომლობის განვითარებას, ჩვენ დავგეგმეთ რეგულარული შეხვედრები და იმ პროექტების იდენტიფიცირება, რომელიც საზოგადოების განვითარებას ცალსახად ხელს შეუწყობს,” - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

ევროპელმა პარტნიორებმა თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გაუზიარეს გამოცდილება ფრანგულ და პორტუგალიურ უნივერსიტეტებში ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის შესახებ, თუ როგორ არიან ისინი ჩართულნი საუნივერსიტეტო საქმიანობაში საზოგადოების განვითარების მიზნით. 

 

მესამე მისიის პროექტის კოორდინატორმა, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ირმა გრძელიძემ  უნივერსიტეტსა და ქალაქს შორის თანამშრომლობის უკვე არსებული მაგალითების შესახებ ისაუბრა და გამოთქვა მზაობა, აქტიურად ჩაერთოს შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაში. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის კოორდინატორი ERASMUS+-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტისა, რომელიც ეხება უნივერსიტეტის მესამე მისიას, ხარისხის გაძლიერებას და ამ მიმართულებით უნივერსიტეტების ინსტიტუციურ განვითარებას. 


“დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროპელი პარტნიორების მიერ გამოცდილების გაზიარებას, თუ როგორ ოპერირებენ ევროპული უნივერსიტეტები კერძოდ: პორტუგალიის, საფრანგეთის, ფინეთის უნივერსიტეტები მუნიციპალიტეტებთან, მერიასთან მიმართებით. რა პროექტებს ახორციელებენ, რამდენად წარმატებულია ეს პროექტები, როგორ გავლნას ახდენს ამ პროექტების განხორციელება ზოგადად საზოგადოების განვითარებაზე, ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ისევე როგორც მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობაზე,” - აღნიშნა ირმა გრძელიძემ. 

 

თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინებით მომზადებული პროექტი „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) 2020 გამარჯვებულია. აღნიშნული პროეტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში, ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და შეიმუშევებენ მესამე მისიის სტრატეგიას.   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კი განაახლებენ ხარისხის უზრუნვეყოფის სისტემას და მეტად მოახდენენ მესამე მისიის აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებში.

 

უნივერსიტეტების მესამე მისიის გაძლიერების შესახებ პროექტი ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას უნივერსიტეტების მესამე მისიის შესახებ, გაზრდის საუნივერსიტეტო საზოგადოების შესაძლებლობას სწორად დაგეგმოს მესამე მისიის აქტივობები და მოახდინოს მათი შედეგების შეფასება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტის კონსორციუმის თითოეულ წევრ უნივერსიტეტში მოხდება მესამე მისიის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მესამე მისიის თითო პროექტის პილოტირება. აღნიშნული უზრუნველყოფს მესამე მისიის ინსიტუტუციურ დონეზე დანერგვას და განვითარებას.

 

თარიღი: 04/10/2022