საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„მასპინძლობის კულტურა“- პროექტის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსში გამარჯვებული პროექტის „მასპინძლობის კულტურა“ პრეზენტაციაგაიმართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ტურისტული გიდებისთვის კულტურის სფეროში  სპეციალური ტრენინგ-მოდულის   ჩარჩო დოკუმენტი, რომელიცპროექტის ფარგლებში შეიქმნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი,  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ჩარჩო-დოკუმენტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრები, თსუ -ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „მასპინძლობის კულტურა“ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ან მომავალში დასაქმების მსურველი გიდებისთვის არის განკუთვნილი. მის საფუძველზე ინოვაციური მოდულის შემუშავებითა და მსოფლიო გამოცდილების გაზიარებით, პროფესიული სტანდარტის ჩარჩო სასწავლო დოკუმენტი შეიქმნა. კვლევა აერთიანებს რამდენიმე კომპონენტიან, კომბინირებულ პროგრამას, რომელიც როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის შეძენისა და საჭირო უნარების გამომუშავებას შეუწყობს ხელს.
„მისასალმებელია, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება თანამშრომლობს სამეცნიერო და კვლევით ცენტრებთან. პრაქტიკოსმა გიდებმა, მეცნიერებმა, პროფესორებმა, მკვლევრებმა შექმნეს ის გაიდლაინები, რომლებიც გამოადგება ჩვენს გიდებს. იმედია საბოლოოდ მივაღწევთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მრავალ ევროპულ ქვეყანაშია მიღებული, დამკვიდრდება გამყოლებისა და გიდების სერტიფიცირება,“-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდილმა მეცნიერებმა შექმნეს სასწავლო ჩარჩო-დოკუმენტი ტურისტული გიდებისათვის. ეს იყო ჩვენი სურვილი, ვინაიდან, ბაზარზე მუშაობენ გიდები, რომლებსაც არ აქვთ სათანადო ცოდნა იმისათვის, რომ ქართველ თუ უცხოელ ტურისტს ამა თუ იმ ძეგლის შესახებ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად  მომავალ წელს გავითვალისწინებთ ასევე შესაბამის საბიუჯეტო სახსრებს იმისთვის, რომ მათთვის, ვისაც სურს გახდეს გიდი, ან უკვე არის და გადამზადების სურვილი აქვს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შესაბამისი სასწავლო კურსი შექმნას,“-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ტრენინგ-მოდული საშუალებას მისცემს უკვე მოქმედ გიდებს ან მათ, ვისაც არ აქვთ ჯერ გამოცდილება, ჩაერთონ ამ ბიზნესში. ამავე დროს, ჩარჩო-დოკუმენტი ხელს შეუწყობს გიდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი სტანდარტის შექმნას.

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ჭეიშვილის თქმით, „ტრენინგ-მოდულზე მუშაობა საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. ჯგუფმა  გამოიყენა ის აკადემიური რესურსი, რომელიც თსუ პროფესიულ პროგრამაზე „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ არსებობს.  ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შემუშავებული ჩარჩო-დოკუმენტი ხელს შეუწყობს გიდებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ქვეყანაში ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო განვითარებას.“

„შეიქმნა ჩარჩო დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც მომზადდებიან და გადამზადდებიან ტურისტულ სფეროში დასაქმებული გიდები.  240-საათიანი სასწავლო პროგრამარამდენიმე მოდულად დავყავით:  შესავალი საქართველოსმცოდნეობაში, კულტურა და ხელოვნება, ღვინის ტურიზმი, ტურის მომზადებისა და ჩატარების მეთოდიკა, უსაფრთხოება და პრობლემური სიტუაციების ანალიზი და სასწავლო პრაქტიკა. სამუშაო ჯგუფმა ორი თვის განმავლობაში შევიმუშავეთ ეს დოკუმენტი,“- განაცხადა პროექტის კოორდინატორმა, თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელმა სალომე ჭანტურიძემ.

საქართველოს თავისი ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობითა და სტუმარ-მასპინძლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით, შესაძლებლობა აქვს ტურიზმის მეშვეობით ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოიპოვოს. ამჟამად, საქართველოში ტურიზმი განვითარების ახალ ეტაპზეა. ტურიზმის განვითარებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში პროფესიონალი კადრების არსებობა, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უნიკალური ტურისტული ქვეყნის პოზიციონირებას შეძლებენ.

თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლების მიერ მომზადებულმა პროექტმა  „მასპინძლობის კულტურა“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის: „ტურისტული გიდებისთვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ-მოდულის შემუშავება“ გაიმარჯვა.

თარიღი: 21/12/2021