საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ლიტჰაიკერი 2021“ - კონკურსი, რომელმაც სტუდენტებს ქართული მწერლობა თავიდან აღმოაჩენინა

„ლიტჰაიკერი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია სტუდენტებისთვის, რომელის იდეაც თსუ სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და „სულაკაურის გამომცემლობა“ ერთობლივად ახორციელებენ.

კონკურსის მონაწილეები 10 ტურის განმავლობაში კითხულობენ პროექტისთვის შერჩეულ წიგნებს და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს წერენ, რომლის შედეგადაც 3 გამარჯვებული გამოვლინდება და ისინი გამომცემლობისაგან დაწესებულ პრიზებს მიიღებენ.

კონკურსი ხორციელდება 2014 წლიდან და მსოფლიო პანდემიის გამო ბოლო 2 წელია განსხვავებულ ფორმატში - ონლაინ ტარდება. წელს „ლიტჰაიკერის“ მონაწილეები 10 ქართულ თანამედროვე რომანს გაეცნობიან. ამ ეტაპზე, 5 საკონკურსო ტურის შედეგებით, უკვე გამოვლინდა სამი სტუდენტი, რომლებმაც დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს.

ლევან ღავთაძე თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტია. მან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა კონკურსის 1-ლ და მე-5 ტურებში. წიგნები ძალიან უყვარს და თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს სწორედ წიგნების კითხვას უთმობს. იხსენებს, რომ პირველად კითხვა 12 წლის ასაკში შეუყვარდა, როდესაც “ტომ სოიერის თავგადასავალი” წაიკითხა. “პანდემიიდან გამომდინარე დროის უმეტესი ნაწილის გატარება სახლში მიწევდა რეგულაციების გამო, რამაც საშუალება მომცა მეტი წიგნი წამეკითხა. “ლიტჰაიკერმა” კი სტიმული მომცა, რომ მეტ კითხვასთან ერთად, გამარჯვებისთვისაც მებრძოლა,”-ამბობს ლევანი.
კონკურსანტის აზრით, მისასალმებელია ორგანიზატორების გადაწყვეტილება საკონკურსოდ ქართული რომანების შერჩევასთან დაკავშირებით, რადგან ეს კარგი შესაძლებლობაა თანამედროვე ქართველი მწერლების ცნობადობის ასამაღლებლად. უკვე განვლილი 5 ტურიდან მისთვის ყველაზე საინტერესო არჩილ ქიქოძის “ნორვეგიული დღიური” აღმოჩნდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ლევანის დიდი ინტერესია სკანდინავიის ქვეყნების მიმართ. წიგნში კი ნორვეგიის ბუნებაა აღწერილი და მოქმედების დიდი ნაწილიც სწორედ აქ ხდება. ლევანი წინა წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა ამ პროექტში და აღნიშნავს, რომ წინა სეზონებში უცხოური ლიტერატურის გაცნობაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.

“ლიტჰაიკერის” კიდევ ერთი წარმატებული მონაწილე დარიკო შენგელიაა (ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი), რომელმაც წარმატებით გადალახა მე-2 და მე-4 საკონკურსო ტურები. აღნიშნავს, რომ ლიტერატურა ძალიან უყვარს, შესაბამისად სწავლა და კარიერა სწორედ ლიტერატურათმცოდნეობას დაუკავშირა. წიგნებისადმი მისი სიყვარული ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან იღებს სათავეს. რადგან პედაგოგების გარემოცვაში იზრდებოდა, მისთვის წიგნები “უცხო ხილი” არასდროს ყოფილა. თავადაც, სწავლის გარდა, პედაგოგიური საქმიანობითაცაა დაკავებული. ამიტომ თავის მოვალეობადაც კი თვლის, რომ კარგად იცნობდეს თანამედროვე ლიტერატურულ მოვლენებს, განსაკუთრებით კი ქართველ მწერლებს. სწორედ ამიტომ გახდა მისთვის საინტერესო კონკურსში მონაწილეობა.
“ყველაზე გამორჩეული ჩემთვის იყო მე-4 ტური, როდესაც წავიკითხეთ ზურა ჯიშკარიანის “საღეჭი განთიადები”. სულ მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა, თუმცა ვერ ვახერხებდი. ამიტომ საკონკურსო ჩამონათვალში მისი ნახვა ძალიან გამიხარდა. ამ ავტორში განსაკუთრებით მისმა განსხვავებულმა წერის მანერამ მიმიზიდა, რაც ძალიან საინტერესოდ მეჩვენა. გარდა ამისა, ნაწარმოები ბევრ აქტუალურ საკითხს ეხება, მათ შორის, ალტერნატიულ რეალობასა და ციფრულ სამყაროს, როგორი შეიძლება იყოს სამყარო მომავალში. შესაბამისად, როცა წიგნისადმი ინტერესი დიდია, იგი უფრო ღრმად რჩება მეხსიერებაში და მოქმედებს ტესტის წერის ხარისხზე,”-ამბობს დარიკო.

კონკურსის მესამე ტურის საუკეთესო შედეგის ავტორი თსუ იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლაშა საცერაძეა. ამ ტურში მონაწილეები ანა კორძაია-სამადაშვილის „ვინ მოკლა ჩაიკა“-ს გაეცნენ. ლაშას თქმით, ეს წიგნი მისთვის უცხო არ ყოფილა. მიიჩნევს, რომ იგი ძალიან კარგად ასახავს თანამედროვე ქართულ რეალობას და გადმოსცემს ქართველი ხალხის პორტრეტს.
„ვფიქრობ, რომ ქართული ლიტერატურა შედარებით ნაკლებად არის დაფასებული. ძალიან ბევრი წარმატებული ავტორი გვყავს, რომლებიც საზოგადოების ფართო მასებისთვის არ არიან ცნობილი. ამ ტურნირში სწორედ ის მომეწონა, რომ საკონკურსო წიგნების სიაში ამდენი საინტერესო ქართველი მწერალი ვნახე, რომლებიც ნამდვილად იმსახურებდნენ აქ მოხვედრას,“-აღნიშნავს კონკურსანტი.
ლაშას ინტერესი ლიტერატურისა და წიგნების კითხვის მიმართ 8 წლიდან იწყება. იგი ლიტერატურული პროექტის „წიგნების თაროს“ მონაწილეც იყო. „ლიტჰაიკერში“ პირველად მონაწილეობს და თვლის, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ცოდნის გასაღრმავებლად. გარდა ამისა, ერთ-ერთი მასტიმულირებელი წინაპირობაა გამომცემლობის მიერ შემოთავაზებული პრიზებიც.

კონკურსის მიზანი სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზებაა. „ლიტჰაიკერში“ ჩართვა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ შემდეგი უნივერსიტეტებიდან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

თარიღი: 21/05/2021