საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლა“

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი (IPEC) 17 მარტიდან იწყებს ერთობლივ პროექტს „ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლა“.

მთლიანი კურსი მოიცავს 20 კვირას და სრულდება 28 ივლისს.

სკოლაში მიიღებიან VII-IX კლასის მოსწავლეები.

სკოლის მიზანია მოსწავლეს ჩამოუყალიბოს ლოგიკური აზროვნების უნარი და მეცნიერებებისადმი გაუღვივოს ინტერესი.

სკოლის გაკვეთილები ტარდება სიახლეებსა და ინოვაციებზე აგებული სილაბუსით და თემატიკით.

სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ზოგადი ინტელექტუალური ცოდნის შეძენის ფარგლებში და მოიცავს სხვადასხვა საგნებს ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან.

სკოლაში მოსწავლეები შეისწავლიან უახლეს მიღწევებს ასტრონომიაში, არქეოლოგიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში; აქცენტი გაკეთდება ისეთ თემებზე, რაც არ არის შეტანილი სკოლის სახელმძღვანელოებში და საზოგადოების ინტერესს იწვევს.

მოსწავლეები შეისწავლიან ხელოვნების ისტორიას, სახელმწიფოთმცოდნეობას, გაეცნობიან ადამიანის უფლებებს, ჩაატარებენ ექსპერიმენტებს ქიმიასა და ფიზიკაში, ამოხსნიან IQ ტესტებს.

სკოლის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან ასევე საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესს, შეხვდებიან საზოგადოებისათვის ცნობილ მეცნიერებს, გაეცნობიან საუნივერსიტეტო მსოფლიო მიღწევებს.

სწავლება მიმართულია მსოფლიოში მეცნიერების მიღწევების გაცნობის, ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, სხვადასხვა დარგის შესწავლისა და ანალიზის უნარის ჩამოყალიბების, ბავშვთა IQ-ს გაუჯობესებისკენ.

საგნებს მოსწავლეები მოისმენენ და შეისწავლიან სკოლაში, მათ არ მიეცემათ დავალება სახლში მოსამზადებლად. სწავლების მეთოდია ჯგუფური, სადაც მოსწავლეები იღებენ სხვადასხვა დარგის ინფორმაციას და იქვე კრიტიკულად აანალიზებენ, ინაწილებენ როლებს, ხსნიან ტესტებს, ისმენენ ინფორმაციას და განიხილავენ მას.

სკოლის პროგრამა იმდაგვარადაა შედგენილი, რომ ახალ მოსწავლეებს არ გაუჭირდეთ პროგრამის დაძლევა. ახალი გაკვეთილები შეძლებისდაგვარად არ იქნება დამოკიდებული ძველზე, რათა ახალი მოსწავლეებისთვის პროგრამისათვის დაწევა პრობლემა არ გახდეს.

პედაგოგები: სკოლაში გაკვეთილებს წარუძღვებიან შესაბამისი დარგის პროფესორები, დოქტორანტები, ასევე სერტიფიცირებული პედაგოგები.

ჯგუფში 15-18 მოსწავლეა. ამ ეტაპზე ჯგუფების რაოდენობა შეზღუდულია და შეიქმნება მაქსიმუმ ორი ჯგუფი, ამიტომ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ თავდაპირველად დარეგისტრირებული მოსწავლეები.

სკოლა იფუნქციონირებს კვირა დღეს 11.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.

მეცადინეობა შედგება დღეში 50-წუთიანი 3 გაკვეთილისგან (თვეში 12 საათი, სულ 60 საათი).

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სკოლის საფასური: მთლიანი კურსის ღირებულებაა 400 ლარი. გარდა მთლიანი კურსისა, შესაძლებელია ყოველთვიური (4 კვირეული) სწავლებაც, რომლის ღირებულება შეადგენს თვეში 100 ლარს. დედმამიშვილების შემთხვევაში სწავლის საფასური იკლებს 10%-ით. სწავლის საფასურის გადახდა ხდება ყოველი მომდევნო სასწავლო თვის დასაწყისში. გაცდენილი მეცადინეობები არ ანაზღაურდება.

მონაწილეობის მისაღებად და სარეგისტრაციოდ მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა და სწავლის დაწყებისას წარმოადგინოს:
ა) ბავშვის ფოტოსურათი ¾-ზე;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.

სკოლაში რეგისტრაციისა და თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადაა 12 მარტი.

გადახდისათვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE23BG0000000103194428
დანიშნულება: „ინტელექტუალური სკოლა“ - მონაწილის სახელი და გვარი.

სკოლის სრული კურსის დამთავრების შემთხვევაში მოსწავლეებს გადაეცემათ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი.

სკოლა ორგანიზებულია თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და IPEC-ის მიერ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინოვაციურ-პრაქტიკულ საგანმანათლებლო ცენტრს (IPEC) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:IPECcenter@yahoo.com
ტელ.: 598 58 88 99; 551 59 59 95.

თარიღი: 11/02/2019