საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება მიღება ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე „ევროპისმცოდნეობა“

2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ცხადდება მიღება ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე „ევროპისმცოდნეობა“

 

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროკავშირის მიერ დაარსებული სამაგისტრო პროგრამა “ევროპისმცოდნეობა” არის EU/TACIS–ის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ევროპელი პროფესორებისა და ექსპერტების მონაწილეობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც 2007 წლიდან იღებს საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტუდენტებს. პროგრამა კონცეპტუალურად ეფუძნება თსუ–ის ოთხ ფაკულტეტს (იურიდიული, ბიზნესისა და ეკონომიკის, სოციალურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა) და შესაბამისად, არის ინდერდისციპლინური, ინტერფაკულტეტური, სრულად ინგლისურენოვანი პროგრამა. ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი და კურსის სილაბუსები შედგენილია უცხოელი ექსპერტების მიერ ევროპისმცოდნეობის წამყვანი ევროპული პროგრამების გათვალისწინებით. პროგრამამ პირველი აკრედიტაცია გაიარა 2010 წელს.

2021-2022 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 25 აგვისტოდან, ხოლო მისაღები გამოცდები - სექტემრბიდან (მიღების ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. www.ies.tsu.edu.ge).

 

სწავლის საფასური და ფინანსური მხარდაჭერა

პროგრამაზე სწავლის სემესტრული საფასური შეადგენს 1500 ლარს.

IES-ისა და მისი პარტნიორების დახმარებით, პერიოდულად ხდება სტიპენდიების შეთავაზება სტუდენტებისთვის მათ მიერ მისაღებ გამოცდებზე მიღებული შედეგების გათვალისწინებით (ინფორმაცია კონკრეტული აკადემიური წლისთვის სტიპენდიის შეთავაზების შესახებ ქვეყნდება პროგრამაზე მიღების ვადებთან ერთად).

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს, IES-ის სწავლის საფასურის დაფარვას შეძლებენ შესაბამის ნაწილში.

ყოველ სემესტრში საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე 2-3 სტუდენტს თსუ-ის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში უფინანსდება სწავლა საფასურის გარკვეულ ნაწილში.  

 

პროგრამაზე სწავლის უპირატესობები და მომავლის პერსპექტივები

აკადემიური გარემო: IES მის სტუდენტებს სთავაზობს მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, საერთაშორისო სტუდენტებთან და უცხოელ აკადემიურ პერსონალთან ინტერაქციის შესაძლებლობას, მოქნილ სასწავლო ცხრილს სრულ განაკვეთიან სამსახურთან შეთავსებით, დასავლური განათლების მქონე აკადემიურ პერსონალს და მდიდარ საბიბლიოთეკო რესურს.

საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამები: IES-ის სტუდენტებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ERASMUS+ ან/და ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში გამოცხადებულ გაცვლით პროგრამებში და ერთი/ორი აკადემიური სემესტრი გაატარონ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში.

სტაჟირების შესაძლებლობა: IES-სა და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასა თუ კერძო სექტორს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

პროგრამაზე ჩაბარების უფლება აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, მისაღებ გამოცდებზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში. მისაღები გამოცდები მოიცავს:

ინგლისური ენის გამოცდა - B2 დონე

გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი)

გასაუბრება

*საქართველოს მოქალაქეებს, აუცილებელია, ჩაბარებული ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდა.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა: helpdesk.ies@tsu.ge

მობ.: +995 595 770110

ვებგვერდი: www.ies.tsu.edu.ge

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/IES-Institute-for-European-Studies-of-Tbilisi-State-University-132972730138155

თარიღი: 01/08/2021