საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა პროექტ "Bologna Hub Peer Support" ფარგლებში

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) ერაზმუს + -ის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს "Bologna Hub Peer Support". პროექტის მიზანია ბოლონიის პროცესის ძირითადი ვალდებულებების დანერგვის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA). პროექტის ფარგლებში ბოლონიის ექსპერტები გაუწევენ კონსულტაციებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მათი სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინებით რითიც განახორციელებენ ბოლონიის ექსპერტთა კოლეგიალური მხარდაჭერის მისიას.

 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა გაეკეთებინათ განაცხადი. 86-მა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებლების განაცხადიდან საბოლოოდ  დაახლოებით 30 უნივერსიტეტი შეირჩა ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან, ალბანეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან. შერჩეულ უნივერსიტეტთა შორისაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ).

 

თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სააპლიკაციო განაცხადზე  და შემდგომ კონსულტაციებზე დაყრდნობით გამოიკვეთა ძირითადი სამუშაო მიმართულებები, კერძოდ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა და თსუ ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია.  კონსულტაციების გასაწევად გამოიყო ბოლონიის ექსპერტი, ზალზბურგის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი გაბრიელა აბერმანი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ექსპერტი ავსტრიიდან. 

 

პროექტი მოიცავს ორ საკონსულტაციო ვიზიტს. პირველი ვიზიტი გაიმართა 2021 წლის 23 და 25 ივნისს ზუმის პლატფორმის მეშვეობით. პროფესორმა აბერმანმა ჩაატარა ორი სამუშაო შეხვედრა - სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის და ინტერნაციონალიზაციის შესახებ თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. მეორე საკონსულტაციო ვიზიტი გაიმართა პირისპირ 2022 წლის 27 ივნისს. აღნიშნული ვიზიტისას პროფესორმა აბერმანმა ჩაატარა ორი სამუშაო შეხვედრა იმავე თემებზე. სამუშაო შეხვედრისას მიმდინარეობდა მუშაობა იმ საკითხზე თუ კონკრეტულად რას ნიშნავს თსუ-სთვის სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა და როგორ არის ეს პრინციპი დანერგილი; ასევე ინტერნაციონალიზაციის რა მიმართულებებია მისთვის რელევანტური და როგორ უნდა დაიწეროს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

თარიღი: 28/06/2022