საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შემოქმედებითი კონკურსი -ივანე ჯავახიშვილი 150

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს შემოქმედებით კონკურსს „ივანე ჯავახიშვილი 150“, რომელიც ეძღვნება პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს. კონკურსი მიზნად ისახავს 12–18 წლის მოსწავლეების ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, მათთვის ივანე ჯავახიშვილის იდეებისა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ტრადიციების გაცნობას, ასევე ახალგაზრდებში ცოდნის, განათლებისა და აკადემიური სივრცის მნიშვნელობის წარმოჩენას. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა შემოქმედებითი ფორმით - ვიდეოს, ციფრული ნამუშევრის, კომიქსის ან ესეს საშუალებით წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობასა და ცოდნის ძალაზე.

 

1.ვიდეო-ესე — „ამბავი ჯავახიშვილზე 60 წამში“

 

დავალების შინაარსი: მონაწილემ უნდა შექმნას მოკლე ვიდეო-ესე (არაუმეტეს 60 წამი), რომელშიც საინტერესო და გასაგები ფორმით წარმოჩინდება ივანე ჯავახიშვილის იდეები, მისი როლი ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში და ამ იდეების მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებისთვის. ვიდეო შეიძლება იყოს თხრობითი, კომენტარის ფორმატში ან კრეატიული ვიზუალური გადაწყვეტით. მნიშვნელოვანია, რომ ავტორმა საკუთარი ხედვით უპასუხოს კითხვას- რატომ არის ივანე ჯავახიშვილის იდეები მნიშვნელოვანი დღეს და როგორ უკავშირდება ისინი განათლების, ცოდნისა და საზოგადოების განვითარებას.

 

ვიდეოს სავარაუდო სტრუქტურა:

 

  • ყურადღების მიმპყრობი დასაწყისი (კითხვა ან ფაქტი ჯავახიშვილზე);
  • მთავარი სათქმელი: არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ არის მისი იდეები მნიშვნელოვანი დღეს;
  • მოწოდება: დასკვნითი ფრაზა, რომელიც მაყურებელს დააფიქრებს;
  • ქრონომეტრაჟი: ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 წამს.

 

შეფასების კრიტერიუმები:

 

  • თემასთან შესაბამისობა
  • რამდენად კარგად არის გადმოცემული ივანე ჯავახიშვილის იდეების აქტუალობა დღეს. რამდენად ნათლად და გასაგებად არის წარმოდგენილი მთავარი სათქმელი 60 წამში.
  • კომუნიკაციის უნარი
  • რამდენად დამაჯერებელი, ემოციური და საინტერესოა ავტორის თხრობა.
  • კრეატიულობა და დინამიკა
  • ვიდეოს იდეა, მონტაჟი, ვიზუალური გადაწყვეტა და ყურადღების მიპყრობის უნარი.
  • ტექნიკური ხარისხი
  • გამოსახულებისა და ხმის ხარისხი,  მონტაჟის სიზუსტე.

 

2.ციფრული ნამუშევარი — „წერილები მომავლიდან — 2126 წელს“

 

დავალების შინაარსი: მონაწილემ უნდა შექმნას ციფრული ვიზუალური ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს მომავალს — როგორი შეიძლება იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2126 წელს. ნამუშევარი შეიძლება ასახავდეს უნივერსიტეტის მომავალ გარემოს, სწავლების ახალ ფორმებს, ტექნოლოგიების განვითარებას ან ცოდნის გავლენას საზოგადოებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევარში გამოიკვეთოს ავტორის შემოქმედებითი ხედვა და წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს განათლება მომავალში და რა ადგილი ექნება თსუ-ს ამ პროცესში.

 

ტექნიკური მოთხოვნები:

ფორმატი: PDF, JPEG (მაღალი რეზოლუციით);

ტექნიკა: ნამუშევარი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ გრაფიკულ პროგრამაში (Photoshop, Illustrator, Canva და სხვა);

თანდართული აღწერა: ნამუშევარს უნდა ახლდეს მოკლე განმარტება (მაქსიმუმ 50 სიტყვა), რომელიც აღწერს გამოსახულ იდეას.

 

შეფასების კრიტერიუმები:

  • თემასთან შესაბამისობა
  • რამდენად ასახავს ნამუშევარი მომავლის თსუ-ს იდეას.

 

  • კრეატიულობა და ორიგინალურობა
  • იდეის უნიკალურობა და ავტორის ინდივიდუალური ხედვა.
  • ვიზუალური თხრობა
  • რამდენად შეუძლია ნამუშევარს სიტყვების გარეშე გადმოსცეს კონკრეტული იდეა ან ამბავი.

 

  • ტექნიკური შესრულება
  • კომპოზიცია, ფერების გამოყენება, დეტალიზაცია და ვიზუალური ბალანსი.

 

3.კომიქსი - „მე — ივანე ჯავახიშვილი“

 

დავალების შინაარსი: მონაწილემ უნდა შექმნას კომიქსი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებას, იდეებს ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას გადმოსცემს. მნიშვნელოვანია, რომ ისტორია მკაფიოდ წარმოაჩენდეს ივანე ჯავახიშვილის ხედვას განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობაზე და საინტერესო ფორმით აწვდიდეს ამ ამბავს მკითხველს.

 

ტექნიკური მოთხოვნები:

ციფრული ფორმატი: დასაშვებია გრაფიკული დიზაინი, PDF ან პრეზენტაციის ფორმატი (მაგალითად PowerPoint).

მოცულობა: კომიქსი უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 10 კადრისა.

წარდგენა: ნამუშევარი უნდა იყოს მკაფიოდ აღქმადი, კადრებს შორის სიუჟეტური თანმიმდევრობა უნდა იყოს დაცული.

ავტორის მითითება: ნამუშევარს უნდა ახლდეს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი და სკოლა.

 

შეფასების კრიტერიუმები:

 

სიუჟეტის ორიგინალურობა
რამდენად საინტერესო და განსხვავებულია წარმოდგენილი ისტორია.

ნარატივის სიზუსტე და გასაგებობა
რამდენად მარტივად და გასაგებად ვითარდება ამბავი კადრებს შორის.

ვიზუალური შესრულება
პერსონაჟების გამოსახვა, კადრების კომპოზიცია და დეტალები.

საერთო შთაბეჭდილება
რამდენად საინტერესო და მიმზიდველია კომიქსი მკითხველისთვის.

 

4.ესე — „სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე“

 

დავალების შინაარსი: მონაწილემ უნდა დაწეროს არგუმენტირებული ესე, რომელიც ასახავს ცოდნის, განათლებისა და თვითრეალიზაციის მნიშვნელობას. ნამუშევარში ავტორმა უნდა წარმოადგინოს შესავალი, განავითაროს  არგუმენტები, დაასრულოს დასკვნითი შეჯამებით. საჭიროების შემთხვევაში, ესე შეიძლება შეიცავდეს ციტირებებს შესაბამისი წყაროებიდან.

 

ნაშრომის  სტრუქტურა:

 

  • სათაური;
  • შესავალი (საკითხის ირგვლივ არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი);
  • თეზისის წარდგენა და არგუმენტირება (ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება);
  • დასკვნა (მსჯელობის შეჯამება).

 

შეფასების კრიტერიუმები:

  • თემის გააზრება
  • რამდენად სწორად და ღრმად არის გააზრებული ციტატის მნიშვნელობა.
  • არგუმენტაცია
  • რამდენად დამაჯერებლად არის წარმოდგენილი ავტორის პოზიცია და მისი დასაბუთება.
  • ლოგიკური სტრუქტურა
  • ტექსტის გამართული სტრუქტურა (შესავალი, მსჯელობა, დასკვნა).
  • ანალიტიკური აზროვნება
  • რამდენად ახერხებს ავტორი თემის დაკავშირებას ცოდნასთან, განათლებასთან და პიროვნულ განვითარებასთან.
  • ენობრივი და სტილისტური ხარისხი- ტექსტის სიზუსტე, გამართულობა

 

ნამუშევრების წარდგენა და შეფასების ვადები:

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალურად.

მონაწილეებმა  ნამუშევარები უნდა გამოაგზავნონ მისამართზე tsupr@tsu.ge

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 30 მარტი. კონკურსის თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს 8 აპრილს, რის შემდეგაც მონაწილეობას მიიღებენ  კონკურსის ფინალურ ეტაპზე.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 571 816

თარიღი: 10/03/2026