საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შემოდგომის ლეგენდა 2016 - დაჯილდოების საღამო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2016"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი ბექა ბერაძე გახდა, რომელსაც, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრემია და კონკურსის სიმბოლო გადასცა. ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე და მესამე ადგილები მინდია არაბულმა და ლუკა გორდაძემ გაინაწილეს. დაჯილდოების საღამოზე ასევე გამოვლინდა ონლაინ ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული თამთა ქამუშაძე.
როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, კონკურსი წელს უკვე მერვედ ტარდება, 300-ზე მეტმა მწერალმა მიიღო მასში მონაწილეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტის მასშტაბი გაიზარდა. „კონკურსში მთელი საქართველოდან იყვნენ ჩართული სტუდენტები, ის უკვე აღარ არის მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცის, რაც ძალიან მისასალმებელია“. მისი თქმით, კონკურსის ფორმატი ახალგაზრდა მწერლებისთვის ძალიან კარგია და ის რომ წინა წლის გამარჯვებულები ჟიურიში იღებენ მონაწილეობას, ესეც ერთგვარად სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
მოულოდნელი აღმოჩნდა კუნკურში გამარჯვება ბექა ბერაძისთვის. „საერთოდ არ ველოდი გამარჯვებას, ნამდვილად მოულოდნელი იყო და ძალიან გამიხარდა. უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას ამ კონკურსში და ეს ორივე წელი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩემთვის“-განაცხადა კონკურსის პირველი ადგილის მფლობელმა ბექა ბერაძემ.
ღონისძიებაზე საუკეთესო სამეული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მწერლები: დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, გურამ ოდიშარია, დიანა ანფიმიადი და კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ანი გიგაშვილი.
ჟიურის ერთ-ერთი წევრის მაკა ლდოკონენის ინფორმაციით, კონკურსის ათივე ფინალისტმა ძალიან კარგი მოთხრობები წარმოადგინეს და გამარჯვებული სამეულის შერჩევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. „მადლობა კონკურსანტებს, რადგან მათი ნამუშევრების წაკითხვის შედეგად დადებითი ემოციები მივიღეთ. „შემოდგომის ლეგენდის“ მიმართ ინტერესი იზრდება, ყოველწლიურად უფრო მეტი კარგი სტუდენტი იღებს მონაწილეობას და კონკურენციაც იმატებს“-განაცხადა მაკა ლდოკონენმა.
იმპროვიზაციული ტურის 10 ფინალისტიდან ჟიურის წევრებმა სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი შეარჩიეს, რომლებმაც უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრემია და კომპანია „ჯეოსელის“ სპეციალური პრიზები მიიღეს. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი, 700 და 500 ლარი გადაეცათ.
ძირითადი კონკურსის პარალელურად, წელსაც, ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა ჩართულიყო ონლაინ ლიტერატურულ მარათონში. ჯეოსელის სპეციალური აპლიკაციის დახმარებით დარეგისტრირებულმა კონკურსანტებმა ფინალისტებისთვის მიცემულ თემაზე თავადაც შექნეს ახალი ნაშრომი. ონლაინ ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული კომპანია ჯეოსელმა დაასაჩუქრა.
დაჯილდოების საღამოზე ერთობლივი კრებულის „შემოდგომის ლეგენდა“ 2015-2016-ის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც ყველა სტუმარს საჩუქარად გადაეცა.
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს მერვედ ტარდება. კონკურსის მიზანი ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.
ლიტერატურული კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდა. I ტურმა სტარტი სწავლის დაწყების დღეს აიღო და ერთი თვის განმვალობაში ტარდებოდა. კონკურსში მონაწილეობას თბილისში აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ. 400-მდე კონკურსანტიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 10 ფინალისტი გამოავლინა. კახეთში, ყვარლის ედემში კონკურსანტებმა ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე - „ახალი კორპუსი“, 12 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს.


თარიღი: 01/11/2018