საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნივერსიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ეწვია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს  თსუ-ში სტუმრობისას. მათ შორის, ის სივრცე დაათვალიერებინა, სადაც უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი უნდა აშენდეს. ახალი კორპუსი უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და მისი მშენებლობა სრულად ფინანსდება თსუ-ს  ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.

 

თსუ-ს პირველი კორპუსი  დაპროექტებულია  ქართველი არქიტექტორის სვიმონ კლდიაშვილის მიერ,  ხოლო მეორე კორპუსი - მიხეილ შავიშვილის მიერ. ვინაიდან ტერიტორია შენობებთან ერთად წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, საპროექტო კონცეფცია არქიტექტურული გადაწყვეტით, რაც მდებარეობას, მოცულობით გადაწყვეტას, მასშტაბს, კონფიგურაციას, სართულიანობას, დიზაინს და სხვა დეტალებს გულისხმობს, უნდა შემუშავდეს მოცემული ტერიტორიის კონკრეტული მახასიათებლების და ამავე ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის რეკომენდაციების შესაბამისად.

 

პროექტირებისას, ასევე,  გასათვალისწინებელია რთული ლანდშაფტის თავისებურებები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან თავსებადობა. ახალი შენობა ჰარმონიულად უნდა ეწერებოდეს გარემოში როგორც ვიზუალურად ასევე, ფუნქციურად  უნდა პასუხობდეს დანიშნულებას; არ უნდა უშლიდეს ხელს საუნივერსიტეტო კომპლექსის მთავარი ნაგებობების აღქმას და არ უნდა შეიცვალოს ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი.

 

ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის უკვე გამოცხადდა ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. გამარჯვებულ საკონკურსო წინადადებას გამოავლენს პროფესიონალი არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია.

თარიღი: 25/05/2023