საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნივერსიტეტელი ქალებისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება, რომელიც უნივერსიტეტელ ქალებს მიეძღვნა.

 

თსუ ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის მიერ ორგანიზებულ საღამოზე „რა ამბავია ყვავილთ სასახლეს?”თსუ-ს თეატრალურმა დასმა „სხვენი“, თეატრალური ინსცენირებით წარმოადგინა ქალების როლი უნივერსიტეტის ისტორიაში. ღონისძიებაზე გაიხსენეს იმ ეპოქის უნივერსიტეტელი ქალბატონები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის შექმნისა და განვითარების ღირსეულ საქმეში: მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე, მედეა ღამბაშიძე, მარო მაყაშვილი, თინათინ წერეთელი, ნინო ციციშვილი, ვერა ბარდაველიძე, ციალა სვანიძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ანა კალანდაძე.

 

„გავიხსენეთ ქალბატონები, რომლებიც უნივერსიტეტის სათავეებთან იდგნენ, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და დიდი სამეცნიერო ეპოქა შექმნეს. მათ უდიდესი ღვაწლი მიუძღვით უნივერსიტეტის დაფუძნების, განვითარების და იმ სახელოვანი ისტორიის შექმნაში, რომლითაც ასე ვამაყობთ. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ღონისძიების იდეის ავტორები არიან უნივერსიტეტის ამჟამინდელი სტუდენტები,“-განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

 

ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყვნენ ჩვენი დროის უნივერსიტეტელი ღვაწლმოსილი ქალბატონებიც.   უნივერსიტეტელი ქალების ღვაწლზე ისაუბრა თსუ პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა, რომელიც 50 წელია მუშაობს თსუ-ში და ამ ხნის მანძილზე ახალგაზრდების მრავალი თაობა აღზარდა. მან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენა   მისი მასწავლებელი, მისი გზის გამკაფავი, თსუ პროფესორი, ასევე უნივერსიტეტელი ქალბატონი მერი იანქოშვილი.

 

 სააქტო დარბაზის ფოიეში თსუ-ს მუზეუმის აქტიური ჩართულობით მოეწყო უნივერსიტეტელ ქალთა საარქივო მასალის გამოფენა, ასევე, გაიმართა სხვადასხვა გამომცემლობის წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

თარიღი: 23/03/2024