თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია უნივერსიტეტის დაარსებისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა.
„სტუდენტობიდან იწყება ის გზა, რომელიც დიდი მეცნიერებისკენ მიდის. სწორედ ასეთი ღონისძიებები არის ის ფუნდამენტი, საიდანაც უნდა გაიზარდოს დიდი მეცნიერი, ცნობილი მკვლევარი. კონფერენციაზე წარმოდგენილი რამდენიმე მოხსენება ჩემთვისაც მოულოდნელი, უცნობი და საინტერესოა. კარგი იქნება, თუ ეს ნაშრომები გამოქვეყნდება და სამეცნიერო ბრუნვაში ჩაერთვება. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ყველანი, რომ თსუ მართლაც საოცარ თაობებს ზრდის. დარწმუნებული ვარ, თქვენს სიტყვას იტყვით დიდ მეცნიერებაში,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თსუ დაარსებიდან 108 წლისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტებისა და თსუ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების 180-მდე მოხსენებაა წარმოდგენილი.