საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში ჩართვის და სტაჟირების შესაძლებლობა ეძლევათ

თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო პროცესში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და  ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა მოაწერეს. 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, მემორანდუმი არჩევნების პროცესში სტუდენტების ჩართულობას გულისხმობს. „ეს ძალიან საინტერესო წინადადებაა, რომლითაც მოგვმართა ცესკომ და უნივერსიტეტი გამოეხმაურა. სტუდენტები  მონაწილეობას მიიღებენ არჩევნების ვიდეომონიტორინგის ტექნიკური კუთხით უზრუნველყოფაში. სტუდენტებისთვის ეს იქნება ერთგვარი სტაჟირება და გარკვეულწილად, სამოქალაქო ჩართულობა, აქტივობა. ეს ძალიან პროფესიული ამოცანაა და დარწმუნებული ვარ, ბევრი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას ამ საქმიანობაში, თავად გაეცნობა საარჩევნო სისტემას, დააკვირდება, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები. ყოველივე ეს საჭიროა ნდობის აღდგენისა და არჩევნების პროცესში საზოგადოების ფართო წრეების მეტი ჩართულობისთვის,“- აღნიშნა თსუ რექტორმა.            

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ამ ინიციატივის შედეგად ერთის მხრივ, სტუდენტები ჩაერთვებიან და გარკვეულ წვლილს შეიტანენ საარჩევნო პროცესში და   მეორეს მხრივ ახალგაზრდა თაობას მიეცემა შესაძლებლობა, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში მიიღოს სამუშაო გამოცდილება. „ჩვენთვის მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს სტუდენტები დაინტერესდებიან ამ შესაძლებლობით, მნიშვნელოვანია მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტიპის პროექტები და ახალგაზრდა თაობის, შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის მქონე ადამიანების წახალისება,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესი განსაზღვრა. გადაღებული ვიდეომასალა ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება. სწორედ ამ პროცესის ტექნიკურად განხორციელებაში იქნებიან ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

თარიღი: 02/09/2021