საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოლიდარობა უკრაინას!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება, ცივილიზებული სამყაროსთვის ამ ტრაგიკულ დღეს, უკრაინის გვერდით დგას და გმობს რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას უკრაინაში. რუსეთის ეს ქმედება 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამეორებაა.


გამარჯვებას ვუსურვებთ უკრაინელ მეგობრებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში! ვლოცულობთ უკრაინაში მშვიდობისთვის, სტუდენტებისა და ჩვენი კოლეგების უსაფრთხოებისთვის!


 

 2022-02-24

 

 


თსუ დახმარება უკრაინის მოქალაქეებისთვის!
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს სხვადასხვა ტიპის დახმარებას სთავაზობს:
 

• უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც თსუ-ში სწავლობენ და იმყოფებიან საქართველოში, საერთო საცხოვრებლით უფასოდ სარგებლობა შეეძლებათ და 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაენიშნებათ სტიპენდია;

• დახმარება ასევე გაეწევათ იმ უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც დასასვენებლად იმყოფებოდნენ საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ გაემგზავრნენ სამშობლოში. მათ შეეძლებათ უსასყიდლოდ ისარგებლონ თსუ-ს საერთო საცხოვრებლით;

• საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს თსუ-ს მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებზე სწავლა უსასყიდლოდ შეეძლებათ;

• უკრაინის ყველა მოქალაქეს ვთავაზობთ კვალიფიციური სპეციალისტების ფსიქოლოგიურ დახმარებას. 


03/03/2022

 

 

თსუ სტუდენტები და სპორტსმენები უკრაინის დასახმარებლად
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ“ უკრაინელი ხალხისთვის თსუ სტუდენტების მიერ გამართულ ჰუმანიტარული დახმარების აქციას შეუერთდა. გუნდის წევრებმა სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ცენტრში პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები მიიტანეს. თსუ-დან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი, საქართველოში უკრაინის საელჩოს დახმარებით, უახლოეს დღეებში გაიგზავნება. ჰუმანიტარული დახმარების აქციასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში განთავსებულია ბანერი უკრაინის დროშის ფერებში, სადაც ყველა მსურველს შეუძლია უკრაინის მხარდამჭერი წარწერის გაკეთება.
 

თსუ კალათბურთის ნაკრების კაპიტნის გიორგი ცინცაძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი უკრაინის გვერდით დგას. „დღეს ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის შევიკრიბეთ. მოვიტანეთ საკვები, ტანსაცმელი და სხვადასხვა საჭიროების ნივთი. ვლოცულობთ, რომ ყველაფერი მალე და, რაც მთავარია, მშვიდობიანად დასრულდეს უკრაინისთვის და მთელი მსოფლიოსთვის,“ - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.
 

ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ჰუმანიტარული დახმარების აქციაში, თსუ საკალათბურთო გუნდის ამერიკელი მოთამაშეებიც მონაწილეობდნენ. თსუ კალათბურთელის ლოველ ქაბილის თქმით, უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერის გამოხატვა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. „მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ აქ, რათა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნოთ და ამ ძალიან კარგ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ნებისმიერი სახის დახმარება უკრაინელი ხალხისთვის მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, სხვა სპორტული გუნდებიც შემოგვიერთდებიან,“ - აღნიშნა ლობელ ქაბილიმ.
 

ჰუმანიტარული დახმარების აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გასულ კვირას დაიწყო. „მთელი სტუდენტური საზოგადოება მაქსიმალურად ჩართული ვართ პროცესებში და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.  მინდა უკრაინელ სტუდენტებსა და ჩვენს მოძმე ერს ვუთხრა - ჩვენ ქართველები თქვენს გვერდით ვართ,“ - განაცხადა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელმა ბექა იმედაშვილმა.

 

ამასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევს. უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც თსუ-ში სწავლობენ და იმყოფებიან საქართველოში, საერთო საცხოვრებლით უფასოდ სარგებლობა შეეძლებათ და, ამავე დროს,  2021-2022 სასწავლოს წლის გაზაფხულის სემესტრში დაენიშნებათ სტიპენდია.
 

 

აგრეთვე, ყველა იმ უკრაინელ სტუდენტს, რომელიც დასასვენებლად იმყოფებოდა საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ გაემგზავრა სამშობლოში, თსუ უფასოდ სთავაზობს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს.   
 

საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს თსუ-ს მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებზე სწავლა უსასყიდლოდ შეეძლებათ.
 

ასევე, თსუ სთავაზობს უკრაინის ყველა მოქალაქეს ფსიქოლოგიურ დახმარებას, რომელსაც უნივერსიტეტის კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.


07/03/2022

 

 

თსუ განცხადება
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის საელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან, თავისი ასწლოვანი ისტორიის მანძილზე ევროპული ღირებულებების და ფასეულობების მატარებელია. ჩვენი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მთავარი მისია  თავისუფლების პრინციპების დაცვა და მხარდაჭერაა, რომელიც ეფუძნება კვლევას, განათლებას, ინოვაციას, დემოკრატიას, ფუნდამენტურ უფლებებს, ინკლუზიას, თანასწორობას, კანონის უზენაესობას, უსაფრთხოებას და სწრაფვას მშვიდობიანი მომავლისკენ. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს თავისი წარმატებებით  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში.

 

საქართველო ამ დღეებში ისტორიულ გზასაყარზე დგას. ევროპელმა პარტნიორებმა უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუსაბუთებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საფრთხე, რომელიც ემუქრება თავისუფალ სამყაროს, რეალური და მზარდია. საქართველომ რუსეთის დამანგრეველი აგრესია რამდენიმე წლის წინ გამოსცადა და ჯერ კიდევ მაშინ იყო ნათელი, რომ მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა ევროპასა და მსოფლიოში მხოლოდ მოკავშირეებისა და პარტნიორების კოორდინირებული მოქმედებით არის შესაძლებელი. მიგვაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს სამეულში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.
 

ჩვენი მრავალწლოვანი და კარგად ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ტრადიცია გვაიმედებს, რომ უმაღლესი განათლების ევროპული საზოგადოება გამოხატავს სოლიდარობას საქართველოს მიმართ. გვჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება ხელს შეუწყობს ჩვენს ღირსეულ დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, რომელსაც ვეკუთვნით და სადაც შევძლებთ ავაშენოთ ჩვენი საერთო წარმატებული მომავალი  ევროპელ პარტნიორებთან ერთად.


17/06/2022

თარიღი: 24/02/2022