საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო უნივერსიტეტმა აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრი ემინ ამრულაევი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ემინ ამრულაევმა და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის უნივერსიტეტის (ADA University) რექტორმა ჰაფიზ პაშაევმა უნივერსიტეტის მეორე კორპუსში „ჰეიდარ ალიევის“ სახელობის განახლებული აუდიტორია საზეიმო ვითარებაში გახსნეს, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ ლიტერატურითა და სასწავლო აპარატურით აღჭურვა. ღონისძიებაზე ვრცლად ისაუბრეს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე და საგანმანათლებლო მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

 

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუმრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი აზერბაიჯანულენოვანი პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გაამახვილა 1+4 პროგრამაზე, რომელიც აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტებისთვის ქართული ენის სწავლებას გულისხმობს. რექტორის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი მიმართულება -  აზერბაიჯანმცოდნეობა დაარსდება. „ჰეიდარ ალიევის სახელობის აუდიტორია, სამომავლოდ იქცევა აზერბაიჯანმცოდნეობის ცენტრად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აზერბაიჯანსა და საქართველოს ძალზე კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს და ეს ურთიერთობები აუცილებელია, როგორც სამეცნიერო, ასევე საგანმანათლებლო სფეროშიც კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ, ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთის კულტურას, ისტორიას, თუმცა, აუცილებელია ერთობლივი კვლევების განხორციელება  იმ კულტურული მემკვიდრეობის რაც ამ ორ ქვეყანას აქვს და სწორედ ამ მიმართულებით ვგეგმავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს რეგიონულ კონტექსტში ეკონომიკის მიმართულებით სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების შემუშავებასა და ქართულ-აზერბაიჯანული არქეოლოგიური პროექტის განხორციელებაზე. გარდა ამისა,  ერთობლივი სასწავლო გაცვლითი პროგრამების დანერგვასა და სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლის შესაძლებლობებზე.

 

„აზერბაიჯანის განათლებისა და მეცნიერების სფეროს ასეთი დელეგაციის ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა მეცნიერების და განათლების განვითარების მიმართულებით ახალ ეტაპზე გადადის“, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა. როგორც მან  შეხვედრაზე აღნიშნა, სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს საერთაშორისო პროგრამების განხორციელებას, ახალგაზრდების და მომავალი თაობის განათლებას.“

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრის ემინ ამრულაევის თმით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰეიდარ ალიევის აუდიტორიის გახსნა აზერბაიჯანისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჰეიდარ ალიევს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობების  განვითარებაში. 2023 წელი აზერბაიჯანში გამოცხადებულია ჰეიდარ ალიევის წლად და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში ასეთი ღონისძიება იმართება.  ჩვენ ვქმნით მომავალს - ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები და პროფესორები დიდ სარგებელს მიიღებენ ამ კაბინეტის გახსნით, რადგან ეს ხელს შეუწყობს ჩვენს შორის საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას.“

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლები.

 

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის უნივერსიტეტს (ADA University) შორის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის უნივერსიტეტის (ADA University) რექტორმა ჰაფიზ პაშაევმა მოაწერეს.

თარიღი: 19/05/2023