საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასტიპენდიო პროგრამა ჩეხეთში ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის

სასტიპენდიო პროგრამა ჩეხეთში 2026-2027

 

 პროგრამის აღწერა 

 

„სასტიპენდიო პროგრამა ჩეხეთში 2026-2027“ (შემდგომში - „პროგრამა“) წარმოადგენს ბილატერალურ სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია 2017 წელს გაფორმებული შეთანხმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს პროგრამა „2026-2027 აკადემიური წლის სტიპენდიები საქართველოდან წარდგენილი აპლიკანტებისთვის”.

 

პროგრამა ითვალისწინებს მოკლე ან საშუალოვადიანი სასწავლო/კვლევითი/აკადემიური ვიზიტების დაფინანსებას ჩეხეთის რესპუბლიკის საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროგრამა არ გულისხმობს  სრული აკადემიური უმაღლესი განათლების პროგრამის დაფინანსებას.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომში, სამინისტრო) უზრუნველყოფს სტიპენდიაზე ნომინირების პროცესს. ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო კონკურსში წამატებული კონკურსანტების სტიპენდიით დაფინანსებას.

 

მიზნობრივი ჯგუფი

 

მიზნობრივი ჯგუფია საქართველოს მოქალაქეები — საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიური სტუდენტური სტატუსის მქონე სტუდენტები, აგრეთვე ლექტორები და მკვლევარები.

 

ჩეხეთის უნივერსიტეტში ჩარიცხვა და სტიპენდიის მინიჭება

 

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადები მიიღება ნებისმიერი სასწავლო და კვლევითი მიმართულებით. სტიპენდიაზე დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ჩეხეთის შესაბამისი უნივერსიტეტები/ფაკულტეტები. ჩარიცხვის წესებსა და პირობებს, ისევე, როგორც სწავლების ენასთან დაკავშირებით მოთხოვნებს განისაზღვრება მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ.

აკადემიური წლისთვის ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს

მოკლე და საშუალოვადიანი სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის ყველა მიმართულებით (სასწავლო ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 თვიდან მაქსიმუმ 9 თვემდე ვადით თითოეული კონკურსანტისთვის. სასწავლო ვიზიტების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 24 თვეს).

 

კვლევით სტიპენდიებს უნივერსიტეტის ლექტორებისა და მკვლევარებისთვის (თითოეული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 1 თვეს, ხოლო მათი ჯამური ხანგრძლივობა - 2 თვეს.

 

სტიპენდიით სარგებლობის პერიოდია 2026 წლის სექტემბრიდან 2027 წლის ივნისი-ივლისამდე. ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში შემოდგომის სემესტრი ჩვეულებრივ გრძელდება სექტემბრიდან იანვრამდე, ხოლო გაზაფხულის სემესტრი თებერვლიდან ივნისამდე.

 

დაფინანსების ოდენობა და პირობები

სტიპენდიის ოდენობა

 

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები შესაბამის საფეხურზე სწავლის პერიოდში მიიღებენ სტიპენდიას ყოველთვიურად 12,000 კრონის ოდენობით, ხოლო სადოქტორო პროგრამის სტუდენტისთვის გამოყოფილი სტიპენდია შეადგენს თვეში 13,000 კრონს. სტიპენდიის მინიჭების შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით. სტიპენდია განკუთვნილია საყოფაცხოვრებო ხარჯების, მათ შორის საცხოვრებლის საფასურის, დასაფარად.

 

ყველა დარგის მკვლევარი და ლექტორი, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან კვლევითი ვიზიტებისთვის, მიიღებენ 851 კრონს დღეში კვებისა და პირადი ხარჯისათვის. ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ან/და ანაზღაურებული იქნება სტუდენტური რეზიდენცია/სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი.

 

სტიპენდიის გამოყენების წესი

 

სტიპენდია განკუთვნილია მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრების ხარჯების დასაფარად და არ მოიაზრებს შესაძლო თანმხლები ოჯახის წევრებისთვის რაიმე დამატებით ფინანსურ დახმარებას (ოჯახის წევრის თანხლება ნებადართული უნდა იყოს მიმღები მხარის, ანუ ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ).

 

სტიპენდიის მოპოვება არ წარმოადგენს კონკურსანტის იურიდიულ უფლებამოსილებას, ასევე, დაუშვებელია მიღებული სტიპენდის გადაცემა სხვა პირისთვის.

 

სტიპენდიის მიღება ხდება პირადად ჩეხეთის მიმღები უნივერსიტეტის შესაბამის დეპარტამენტში (ჩვეულებრივ სასწავლო განყოფილებაში) (თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული). ნებისმიერი სხვა გადასახადი, როგორიცაა სტუდენტური კავშირის საფასური, ბიბლიოთეკის წევრობის საფასური და ა.შ. ეკისრება სტიპენდიის მფლობელს.

 

საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ვრცელდება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებზე):

 

მოთხოვნის შემთხვევაში, მასპინძელი დაწესებულება უზრუნველყოფს სტიპენდიის მფლობელის განთავსებას საერთო საცხოვრებელში ან უნივერსიტეტის პანსიონში. განაცხადი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში დაბინავების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს ჩეხეთის ონლაინ განაცხადში. დაინტერესებულ კონკურსანტებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დახმარებას გაუწევენ ჩეხეთის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლები. გარდა ამისა, უცხოელ სტუდენტებსა და მკვლევარებს თავად შეუძლიათ იქირაონ საცხოვრებელი. განთავსების ხარჯების დაფარვა ხდება სტიპენდიანტის მიერ, გარდა კვლევითი სტიპენდიის მფლობელებისა (ლექტორები და მკვლევარები).

 

ჩეხეთის რესპუბლიკაში გამგზავრების (ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაადგილების) და უკან დაბრუნების ხარჯები უნდა დაფაროს სტიპენდიანტმა.

 

განაცხადების წარმოდგენის წესი

 

2026-2027 აკადემიური წლისთვის ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს პროგრამის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაცია (შედგენილი ინგლისურ ენაზე ან ოფიციალურად თარგმნილი დედანთან ერთად) ელ. ფოსტაზე - studyabroad@mes.gov.ge

 

სასწავლო და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

ა) საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის:

რეზიუმე/CV;

სამოტივაციო წერილი;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი და დიპლომის დანართი, ხოლო აქტიური სტუდენტური სტატუსის მქონდე კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ აქტიური სტუდენტური სტატუსის შესახებ ოფიციალური ცნობა და ნიშნების ფურცელი (დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, თარგმანი - დამოწმებული სანოტარო წესით).

 

ერთი სარეკომენდაციო წერილი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გაცემული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში).

 

ჩეხური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (ან სხვა ენის, რომელიც მისაღებია მასპინძელი დაწესებულებისთვის, სასურველია ინგლისური);

 

შენიშვნა 1. ჩეხური ენის ცოდნა CEFR-ის B2 დონეზე არის დაშვების წინაპირობა მრავალ აკადემიურ მიმართულებაზე, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ჩეხური ენის ცოდნა CEFR-ის C1 (C2) დონეზე შესაძლოა მოთხოვნილი იყოს ზოგიერთი სახელოვნებო აკადემიის პროგრამისთვის; დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ შერჩეულ უნივერსიტეტს/აკადემიას.

 

შენიშვნა 2. მიიღება TOEFL, IELTS, CPE ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სხვა ფართოდ აღიარებული სერტიფიკატები. თუ კანდიდატი არ ფლობს არცერთ სერტიფიკატს, მაშინ ასევე მისაღები იქნება ხელმოწერილი წერილი საქართველოს უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორისგან, რომლითაც დადასტურდება კონკურსანტის ენის ფლობის დონე.

 

პასპორტის ასლი;

    ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მიღების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი/მოწვევის წერილი (არსებობის შემთხვევაში).

ბ) სადოქტორო  საფეხურის სტუდენტებისთვის სასწავლებლად/კვლევითი საქმიანობისთვის:

რეზიუმე/CV და სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი;

სამოტივაციო     წერილი     და     კვლევის     გეგმა    ჩეხეთის     რესპუბლიკაში     კვლევითი სამუშაოსთვის (მაქს. 3 გვერდი);

მაგისტრის დიპლომის (მათ შორის ნიშნების ფურცელი) ან დოქტორის დიპლომის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნოტარიულად დამოწმებული ასლები;

ერთი სარეკომენდაციო წერილი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გაცემული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში).

ჩეხეთის რესპუბლიკის მასპინძელი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან მიღების შესახებ ოფიციალური ცნობა/მოწვევის წერილი; წერილი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კვლევისთვის შერჩეული სფეროს შესახებ.

პასპორტის ასლი.

 

ნომინირების პროცესი

 

სამინისტრო სტიპენდიაზე ნომინირების მიზნით ჩეხეთის მხარეს  2026 წლის 13 მარტის ჩათვლით წარუდგენს კონკურსანტთა შესახებ ინფორმაციას, რომლებით ამ პროგრამით განსაზღვრული ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად წარმოადგენენ სრულყოფილ განცხადებებს.

 

ნომინიტების შემდგომ, კონკურსანტებმა უნდა გააკეთონ განაცხადი სასტიპენდიო პროგრამაზე ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში https://studujnavs.gov.cz/cr 2026 წლის 15-31 მარტის ჩათვლით. განაცხადი უნდა შეივსოს ჩეხურ ან ინგლისურ ენაზე. განაცხადს თან უნდა ახლდეს სამინისტროს ელ.ფოსტაზე წარმოდგენილი დოკუმენტები (შევსებული ინგლისურ ან ჩეხურ ენაზე ან თარგმნილი რომელიმე ამ ენაზე).

 

    საკონკურსო ვადები

 

განაცხადების მიღება  წარმოებს 2026 წლის 26 თებერვლის 17:00 საათამდე ელ. ფოსტაზე studyabroad@mes.gov.ge

 

განაცხადების ტექნიკური შემოწმება - განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღე;

ხარვეზის გასწორება - ხარვეზის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღე.

კონკურსანტთა ნომინირება - არაუგვიანეს 2026 წლის 13 მარტისა.

 

ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები:

 

11 თებერვალი, 2026; დრო 14:00 სთ  https://us05web.zoom.us/j/85011019000?pwd=rZGQLmVGghzhprcXcDLkAbw6gq8l9J.1

23 თებერვალი, 2026; დრო 14:00 სთ

https://us05web.zoom.us/j/89410126964?pwd=zCDVTdisq0cDqr6V4AtXamKAmoFOqr.1

ნომინირებული კონკურსანტი ვალდებულია დარეგისტრირდეს ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ელ. სისტემაში (https://studujnavs.gov.cz/cr) არაუგვიანეს 2026 წლის 31 მარტისა.

 

კონკურსანტებს სტიპენდიის მოპოვების შესახებ ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან ეცნობებათ ელექტრონული სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით:

 

სტიპენდიის მინიჭების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის 31 ივლისამდე.

კვლევითი ვიზიტისათვის სტიპენდიის მინიჭების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაგეგმილ კვლევით ვიზიტამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო - მარიე ტალტინოვა Marie.Taltynova@msmt.gov.cz

საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო - studyabroad@mes.gov.ge

 

ინფორმაციისთვის იხილეთ ასევე

თარიღი: 13/02/2026