საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთო ევროპული იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული თსუ-ს გუნდია

პირველი ადგილი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ლტოლვილთა სამართლის საერთო ევროპული იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დაიმსახურა. შეჯიბრის ფინალს 2017 წლის 21-25 ნოემბერს ლუბლიანას უნივერსიტეტმა (სლოვენია) უმასპინძლა. თსუ-ს გუნდმა ამ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა პირველად მიიღო და ასევე საერთაშორისო იმიტირებული პროცესების ფინალური რაუნდიც პირველად მოიგო.

გუნდი საერთაშორისო სამართლის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს - სალომე შუბლაძეს, რევაზ ტყემალაძესა და დავით ჯავახიშვილს აერთიანებს. საერთაშორისო შეჯიბრში გუნდურად გამარჯვებასთან ერთად რევაზ ტყემალაძემ კონკურსის  საუკეთესო გამომსვლელის ჯილდოც დაიმსახურა.

იმიტირებული პროცესების ფარგლებში გუნდი კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარსდგა წინასწარი საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში (სულ 4 გამოსვლა), შემდეგ -  ნახევარფინალურ და ფინალურ რაუნდებში (2 გამოსვლა). სადავო საკითხები შეეხებოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ომის წარმოების მეთოდები და საშუალებები, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი, ომის დანაშაულები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია და სხვ.

გუნდი მომზადდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორებისა და დოქტორანტების ხელმძღვანელობით, კერძოდ პროფესორ ქეთევან ხუციშვილის, რომლის სახელსაც უშუალოდ უკავშირდება თსუ-ში ლტოლვილთა სამართლის დამოუკიდებელ სასწავლო დისციპლინად შემოღება, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ლექტორების - ნათია კალანდარიშვილის და საბა ფიფიას და ინსტიტუტის დოქტორანტის ონისიმე ცხომელიძის მიერ. აკადემიკოსი ლევან ალექსიძე თსუ გუნდის კონკურსში მონაწილეობის ინიციატორია და მანვე უზრუნველყო საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობისთვის გუნდის გამგზავრება. 

საერთაშორისო ჰუმანიტარული და ლტოლვილთა სამართლის საერთო ევროპული იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზატორები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, გაეროს უმაღლესი კომისარიატი ლტოლვილთა საკითხებში, სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლო და ლუბლიანას უნივერსიტეტია. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ სამართლის სკოლები მაასტრიხტის, ათენის, ვარშავას, ბუდაპეშტისა და სხვა ევროპული უნივერსიტეტებიდან. საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობისთვის შერჩეული 12 გუნდიდან თსუ-ს გუნდმა წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და საერთაშორისო რაუნდშიც გამარჯვება მოიპოვა.

თარიღი: 11/12/2019