საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სტუდენტები გრაკლიანი გორაზე

უნგრელი სტუდენტები ქართველ სტუდენტებთან ერთად გრაკლიანი გორაზე არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებენ. ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის (უნგრეთი) ორმა სტუდენტმა ბენცე პარკანმა და რეგინა ქსორდაშმა საველე არქეოლოგიური პრაქტიკა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სამეცნიერო პრაქტიკის ბაზაზე, თსუ პროფესორთან ვახტანგ ლიჩელთან გაიარეს.
 

ორი კვირის განმავლობაში უნგრელი სტუდენტები გრაკლიანი გორის მეოთხე და მეხუთე ტერასებზე მუშაობდნენ, არქეოლოგიური პრაქტიკის პარალელურად, ისინი გაეცნენ ინფორმაციას საქართველოსა და ზოგადად კავკასიის რეგიონის შესახებ, ვიზიტით ასევე იმყოფებოდნენ ეროვნულ მუზეუმში.
 

თსუ არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის თქმით, არქეოლოგიის დარგში ეს არის პირველი ნაბიჯები ქართულ-უნგრული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის ერთ-ერთ წამყვან ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტს შორის არქეოლოგიის დარგში თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. ჩვენი 20 სტუდენტი იმყოფება უნგრეთში ენის შესასწავლად. ორი კვირის განმავლობაში ჩვენთან საველე პრაქტიკა წარმატებით გაიარეს უნგრელმა სტუდენტებმა. შემდეგ ეტაპზე ჩვენი სტუდენტები წავლენ მობილობით უნგრეთში. ყველა ექსპედიცია, თითოეული  არქეოლოგი გარკვეული მეთოდებით მუშაობს. შესაბამისად, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა სხვადასხვა მეთოდოლოგიის გასაცნობად და ახალი გამოცდილების მისაღებად,“ - განაცხადა ვახტანგ ლიჩელმა. მისივე თქმით, სტუდენტების მობილობა მუდმივ ხასიათს მიიღებს.
 

ბენცე პარკანი და რეგინა ქსორდაში ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები არიან. როგორც ბენცე ამბობს, საქართველოში პირველად იმყოფება, თუმცა გრაკლიანი გორაზე გავლილი ორკვირიანი საველე პრაქტიკის შემდეგ გადაწყვეტილი აქვს, რომ მომავალ წელს არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე კვლავ ეწვიოს თსუ-ს. ბენცეს თქმით, მობილობა შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოჩნდა მისთვის გაცნობოდა საქართველოს კულტურას, ქართველ ხალხს და ზოგადად, ინფორმაცია მიეღო კავკასიის რეგიონის შესახებ. „ძალიან გამიჭირდება გამოვყო ერთი კონკრეტული რამ, რაც აქ ვისწავლე, იმიტომ რომ მთლიანად ეს ორი კვირა იყო ნაყოფიერი და შესანიშნავი. თუმცა,  ყველაზე მეტად, რაც დამამახსოვრდება ეს არის ტერასაზე მუშაობის პერიოდი, როდესაც ვასუფთავებდით ორმოებს, სადაც კოლონები იყო. ამ კოლონებს ეყრდნობა შენობები. ასეთი ორმოები ძალიან უცხო და იშვიათია, შესაბამისად ეს პროცესი ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის,“ - ამბობს სტუდენტი.
 

შემდეგი ეტაპი, თსუ არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტების უნგრეთში მობილობას ითვალისწინებს, სადაც თსუ სტუდენტები რომაული პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლს გაეცნობიან და ორკვირიან საველე არქეოლოგიურ პრაქტიკას გაივლიან.
 

არქეოლოგიის დარგში ერთობლივი კვლევითი პროგრამების ხელშეწყობის, სტუდენტების მობილობისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი 2022 წლის იანვარში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ELTE-ს რექტორმა ლასლო ბორჰიმ მოაწერეს.

თარიღი: 17/08/2022