ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროკლასიკის“ ყოველწლიური კონფერენცია და გენერალური ასამბლეა გაიხსნა.
ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა, საბერძნეთის ელჩმა საქართველოში მარია თეოდორუმ და თსუ პროფესორმა, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა ლევან გიგინეიშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობს 40-მდე უცხოელი და 20-მდე ქართველი მკვლევარი მსოფლიოს 24 ქვეყნიდან. მოხსენებები შეეხება კლასიკური ენებისა და კულტურის სწავლების პროცესში ინტერდისციპლინურობის მნიშვნელობას, ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების სინთეზს, ეპიგრაფიკას, ანტიკურ პოეზიასა და მეტრიკას, ასევე ხელოვნური ინტელექტის ეფექტიან და პასუხისმგებლიან გამოყენებას.
განსაკუთრებული ადგილი დაეთმო თსუ-ს პარტნიორი Accademia Vivarium Novum-ის დელეგაციის ვორკშოპს, რომელიც ე.წ. ბუნებრივი მეთოდით კლასიკური ენების სწავლების პრაქტიკას წარმოაჩენს.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, თანაორგანიზატორები კი არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი.
“ევროკლასიკა“ 1991 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს კლასიკური ენებისა და კულტურის პოპულარიზაციას. თსუ 2023 წელს გახდა ორგანიზაციის წევრი, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.