6–7 ოქტომბერს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტით V საერთაშორისო კონფერენცია: „ტერმინოლოგია — მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ იმართება. კონფერენცია ეძღვნება სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების 85-ე წლისთავს.
ღონისძიებაში ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერები და ტერმინოლოგები იღებენ მონაწილეობას. მსჯელობის მთავარი თემა ენობრივი მემკვიდრეობის დაცვა და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში მისი შეუფერხებელი განვითარებაა.
კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, ხორვატიიდან, შვედეთიდან, ბელგიიდან. რამდენიმე ქვეყანაა წარმოდგენილი კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტში, კერძოდ, ირლანდია, კანადა, შვედეთი, საბერძნეთი, ავსტრია, კოლუმბია.
მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობს 12-ზე მეტი ქართული სასწავლო, კვლევითი და სახელმწიფო დაწესებულება.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენები დაყოფილია რამდენიმე მთავარ მიმართულებად:
ა) ტერმინოლოგია და ლექსიკოგრაფია: ეროვნული მემკვიდრეობიდან ციფრულ სიახლემდე
ბ) დარგობრივი ტერმინოლოგია: კვლევა, პრობლემები და განვითარების პერსპექტივები
გ) ტერმინოლოგიური პოლიტიკა და განათლება ციფრულ ეპოქაში: ამოცანები, მიზნები
დ) ტერმინოლოგია და ლექსიკოგრაფია: ციფრული ტექნოლოგიები, კორპუსული კვლევები, ენობრივი პოლიტიკა
ე) ეთნოლინგვისტიკა, ტექსტოლოგია და კულტურული მეხსიერება
ვ) ტერმინოლოგიის სტანდარტიზაცია, სარედაქციო პოლიტიკა
ზ) საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური და ეთნოკულტურული ტერმინოლოგია
ონომასტიკა, დიალექტოლოგია, ფიტონიმია და მედიცინა
მოწვეული მომხსენებლები ციფრულ ეპოქაში ეროვნული ტერმინოლოგიის დაცვა-განვითარების გზებს განიხილავენ: ჰენრიკ ნილსონი – ევროპის ტერმინოლოგიური საზოგადოების (EAFT) პრეზიდენტი
მოხსენება: „ტერმინები იოლად არ იქმნება! ზოგიერთი მოსაზრება ევროპული და ქართული ტერმინოლოგიის, სატერმინოლოგიო მზადყოფნისა და სატერმინოლოგიო მდგრადობის შესახებ“
ჰენდრიკ კოკარტი – ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო სტანდარტების სპეციალისტი
მოხსენება: „ტერმინები, ცნებები და განმარტებები ISO 704-ში“
ინგემარ სტრანდვიკი – დამოუკიდებელი მკვლევარი, საერთაშორისო სტანდარტების ქვეკომიტეტის (ASTM F43) ექსპერტი, მოხსენება: „სატერმინოლოგიო მუშაობა ევროკავშირის მრავალენოვან კანონშემოქმედებაში – ძველი და ახალი გამოწვევები“
კონფერენციის პროგრამის ფარგლებში მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში მოეწყობა სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების დარგობრივი ლექსიკონებისა და საარქივო მასალების გამოფენა – „ბარათებიდან ტერმინთბანკამდე“. გაიხსენებენ სამეცნიერო ტერმინოლოგიის ისტორიას, ისაუბრებენ მის თანამედროვე მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე.