საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია - „დმანისი-ოლდუვაი: ხიდი აფრიკასა და ევროპას შორის"

ადამიანის ევოლუციის შესასწავლად ორი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის - ოლდუვაისა (ტანზანია) და დმანისის (საქართველო) კვლევის შედეგებს განიხილავენ საერთაშორისო კონფერენციაზე „დმანისი-ოლდუვაი - ხიდი აფრიკასა და ევროპას შორის,“ რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი, თსუ პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, ინდიანას (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორები და თსუ საპატიო დოქტორები ქეით შიკი და ნიკოლას ტოტი, მეცნიერები მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან (საქართველო, ტანზანია, აშშ, გერმანია, იტალია, ესპანეთი), სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. 


თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, დმანისს მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რადგან ადამიანის ევოლუციური ისტორია ოლდუვაით იწყება და დმანისით გრძელდება. „საერთაშორისო კონფერენციაზე არაერთ საინტერესო აღმოჩენაზეა საუბარი, მათ შორის დმანისის მახლობლად მდებარე ოროზმანის აღმოჩენაზე, რომელიც დმანისის ტრადიციას გააგრძელებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ ოროზმანში მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებსა და უნიკალური არტეფაქტების აღმოჩენაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ ჩართული,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
 

ოთხდღიანი კონფერენციის განმავლობაში ქართველი და უცხოელი მეცნიერები დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე ოროზმანის ძეგლს ეწვევიან, სადაც 2022 წლის არქეოლოგიური სამუშაოების დროს ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა გამოვლინდა. 
 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის დავით ლორთქიფანიძის თქმით, „საერთაშორისო კონფერენციაზე ოლდუვაისა და დმანისის ძეგლების კვლევის შედეგები ერთად წარსდგება საზოგადოების წინაშე, რაც საუკეთესო მასალაა უმაღლესი დონის ინტერდისციპლინური კვლევებისთვის. კონფერენციის განმავლობაში,  მოხსენებების წარდგენასთან ერთად, იქნება საველე ექსკურსია. რომლის დროსაც, ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებთან ერთად, შევაფასებთ ოროზმანის ახალ აღმოჩენას.“ 
 

ოთხდღიანი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან ოლდუვაის პროექტის ლიდერები - ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორები, თსუ საპატიო დოქტორები ქეით შიკი და ნიკოლას ტოტი და დმანისის პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, თსუ პროფესორი დავით ლორთქიფანიძე. კონფერენციის მიმდინარეობისას მეცნიერები განსაკუთრებულ აქცენტს ძეგლებზე ჩატარებულ გეოლოგიურ და პალეოკლიმატურ კვლევის შედეგებზე გააკეთებენ. 
 

კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორის ქეით შიკის თქმით, საერთაშორისო კონფერენციაზე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლის კვლევის შესახებ მეცნიერები ერთმანეთს ჯანსაღ და საჭირო ინფორმაციას გაუცვლიან. „ინფორმაციის ერთმანეთისთვის გაზიარება შესაძლებლობას მოგვცემს დავაკვირდეთ და შევისწავლოთ ადამიანის ევოლუცია. კონფერენციაზე ვიწვევთ ამ საკითხზე მომუშავე ყველა მკვლევარს და იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება,“ - აღნიშნა ქეით შიკმა.
 

ოლდუვაის და დმანისის სამუშაო ჯგუფების თანამშრომლობა თითქმის ათი წელია გრძელდება. „სამუშაო ჯგუფები აფრიკიდან და საქართველოდან ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ჩემი აზრით, დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც კაცობრიობის ევოლუციის ისტორიაში აღმოჩენილა,“ - განაცხადა ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორმა, არქეოლოგმა ნიკოლას ტოტიმ.
 

საერთაშორისო კონფერენცია „დმანისი-ოლდუვაი - ხიდი აფრიკასა და ევროპას შორის“ 20 სექტემბერს გაიხსნა და დმანისში პირველი ჰომინიდის აღმოჩენის დღეს - 24 სექტემბერს ბოლნისში ლექციების ციკლით „ახალი აღმოჩენები ევროპის უძველესი ისტორიის კვლევაში“ დასრულდება. 
 

ოლდუვაის ხეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია ადამიანის ევოლუციის შესასწავლად. აქ აღმოჩენილი 2 მლნ. წლის წინანდელი ადრეული ჰომინიდების ნაშთები ადამიანის ევოლუციის კვლევის დროს სახელმძღვანელო ნიმუშებს წარმოადგენს. ოლდუვაი ასევე იყო პირველი ძეგლი, სადაც, ახლა უკვე ფართოდ გამოყენებული K/Ar რადიომეტრიული მეთოდით დათარიღება გამოიყენეს.
 

ოლდუვაის შემდეგ დმანისი ერთ-ერთი ადგილია, სადაც ადრეული ჰომინიდების ნაშთები აღმოჩნდა, რომლებიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება. დმანისში ამ ეტაპზე ადამიანის ხუთი თავის ქალა და 100-მდე ჩონჩხის ძვალია აღმოჩენილი. დმანისში არქეოლოგიური კვლევების მხარდამჭერია შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კვლევებში აქტიურად მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები.

 

თარიღი: 20/09/2022