თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის, თსუ პროფესორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას წიგნის ,,ციფრული მმართველობა და სამართლის ტექნოლოგიები“ პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა თანამედროვე ციფრული მმართველობის, ხელოვნური ინტელექტისა და სამართლის ტექნოლოგიების სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ასპექტებს ეძღვნება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან აკადემიურ და პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.
ღონისძიება თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. რექტორმა ხაზი გაუსვა ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში მსგავსი აკადემიური და პრაქტიკული გამოცემების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
„დღეს, როდესაც მსოფლიო სწრაფად გადადის ციფრული მმართველობის ახალ ეტაპზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი ფუნდამენტური ნაშრომები, რომლებიც აერთიანებს სამართალს, ტექნოლოგიებსა და სახელმწიფო მართვის თანამედროვე ხედვებს. ზვიად გაბისონიას წიგნი მნიშვნელოვანი გზამკვლევი იქნება როგორც აკადემიური წრეებისთვის, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს ციფრული მმართველობის განვითარების მნიშვნელობაზე, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ გამოწვევებსა და თანამედროვე სახელმწიფოს მართვაში ტექნოლოგიების როლზე.
წიგნის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, სხვადასხვა სამინისტროსა და საჯარო უწყების წარმომადგენლები, აკადემიური სფეროს წევრები, სტუდენტები და ავტორის ოჯახის წევრები.