თსუ-ში 2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა!
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია დაესწრო და მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა პროექტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის: „კონკურსს დიდი ისტორია აქვს - 2011 წლიდან ის ყოველთვის იყო და არის ბიძგის მიმცემი მომავალი გამომგონებლების, მეცნიერებისა და იმ თაობისათვის, რომელიც იწყებს ახალ აღმოჩენებს. მიხარია, რომ ამ პროცესში ჩვენც მიგვიძღვის წვლილი.“
გამარჯვებულები:
• გრან-პრი (10 000 ლარი): „ჭკვიანი მაგიდა-ორგანაიზერი უსინათლოთათვის“
• I ადგილი (5 000 ლარი): „ხიდებისა და შენობების დეფორმაციის მონიტორინგის სისტემა“
• II ადგილი (3 000 ლარი): „ამინომჟავებით მოდიფიცირებული ბუნებრივი ფენოლური ნაერთების სინთეზი და ბიოლოგიური აქტივობის შესწავლა“
• III ადგილი (2 000 ლარი): „პეროქსიდას, როგორც ეკოფერმენტის როლი საღებავებით დაბინძურებული წყლის ბიორემედიაციაში“
სხვა წარმატებული მონაწილეები სხვადასხვა ორგანიზაციისა და კომპანიის სპეციალური პრიზებითა და ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი” ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით. მასში მონაწილეობენ VII-XII კლასების მოსწავლეები, რომლებიც სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით ქმნიან ინოვაციურ პროექტებს.