საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეცნიერთა დაჯილდოება

გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს  საპატიო ჯილდოები გადაეცათ. დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო გადაეცათ: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს ლადო მინაშვილს, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს მერაბ გოგბერაშვილს, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს იოსებ სალუქვაძეს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს თამარ ათანელიშვილს, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორს ნუგზარ სურგულაძეს, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს მაია მესტვირიშვილს და თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს ზურაბ ჩხაიძეს. 
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ პროფესორებს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მეცნიერების მთავარი კერა გახლავთ, სადაც აღიზარდა ცნობილ მეცნიერთა არაერთი თაობა, რომლებმაც ჩვენ ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით გაუთქვეს სახელი. დღესაც ფასდაუდებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი მეცნიერების განვითარების საქმეში.“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
 

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლი ჯაბა სამუშიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს უდიდესი წვლილი შეაქვთ მეცნიერების განვითარების საქმეში. „ჩვენი პროფესორები იმ ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის დავაჯილდოვეთ, რასაც წლებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწევიან. სწორედ თსუ მეცნიერების საქმიანობის შედეგია, რომ საქართველოს მსოფლიო მეცნიერებაში ღირსეული ადგილი უკავია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს ფასდაუდებელი შრომისთვის, დარწმუნებული ვარ, მათი სამეცნიერო წარმატება კიდევ არაერთხელ წარმოაჩენს საქართველოს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო ასპარეზზე,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
 

მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია მეცნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა, რომელიც UNESCO-ს ეგიდით 2001 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

თარიღი: 18/11/2022