საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-2 სამუშაო შეხვედრა ჟან მონეს პროექტის “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება” ფარგლებში

 

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჟან მონეს პროექტის “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება” ფარგლებში.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა 2021 წლის 16 და 17 ივლისს ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ I სამუშაო ფაზის მეორე ორდღიან ვირტუალურ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამუშაო ფაზის პირველი სამუშაო შეხვედრა და საერთაშორისო კონფერენცია ივნისში გაიმართა. სამუშაო შეხვედრა სრულად დაეთმო პროგრამების აკრედიტაციის ახალი სტანდარტების შესახებ მოხსენებებსა და შემდგომ დისკუსიებს, რაშიც მონაწილეობა მიიღეს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა, ფაკულტეტებისა და თსუ-ის ცენტრალური ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, დაინტერესებულმა მხარეებმა.

 

სამუშაო შეხვედრა, ტრადიციულად, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა და პროგრამის კოორდინატორმა ნინო ლაპიაშვილმა გახსნა. პირველ დღეს ძალიან დროული და ინფორმატიული მოხსენებით წარსდგა თსუ იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მახარობლიშვილი. მოხსენება შეეხებოდა თვითშეფასების ანგარიშის დაწერას, სწავლის შედეგებს, სილაბუსის ახალ ფორმასა და აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის შემდეგაც დისკუსიის რეჟიმში ფაკულტეტების ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები ჩაერთვნენ თემატური კითხვებითა და რეკომენდაციებით. შეხვედრის მეორე სესიაზე პროგრამის კოორდინატორმა ნინო ლაპიაშვილმა მონაწილეებს წარუდგინა სასწავლო პროგრამების პირველადი ვერსიები და კურიკულუმით გათვალისწინებული სასწავლო კურსების ჩამონათვალი, რაც გაგრძელდა აკადემიურ პერსონალთან ინდივიდუალური ფორმატის შეხვედრებითა და მათი სილაბუსების განხილვით.

 

შეხვედრის მეორე დღის მთავარი მომხსენებელი გახლდათ თსუ-ის ცენტრალური ხარისხის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ქრისტინე ჩიხლაძე, რომელმაც ინგლისურ ენაზე ისაუბრა პროგრამის თვითშეფასების დასაწერად არსებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებზე. მოხსენების შემდეგ აკადემიურ პერსონალსა და სხვა მონაწილეებს, ასევე, ინდივიდუალ რეჟიმში ჰქონდათ კითხვების დასმისა და დამატებითი განმარტებების მიღების შესაძლებლობა. შეხვედრის მეორე სესია დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგით გაგრძელდა, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის წარმომადგენელმა ირინე ჩხენკელმა ისაუბრა პროგრამის კურიკულუმში ენერგეტიკის სექტორის მოდულის გაძლიერებისთვის მხარდაჭერაზე, ხოლო ვაჭრობის საერთაშორისო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელ მდივანთან ხატია ბუხრაშვილთან ერთად განხილულ იქნა ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და ვაჭრობის საერთაშორისო პალატის ეროვნულ კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტთათვის პრაქტიკული კომპონენტის ინტეგრირების შესაძლებლობა. 

 

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში საბაკალავრო პროგრამის იმპლემენტაციის მიზნით მომდევნო სამუშაო ფაზა შემოდგომის სემესტრში დაიწყება.

თარიღი: 27/07/2021