საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნის“ შესახებ შემაჯამებელი საჯარო კონსულტაცია თსუ-ში

                                                                                         

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნის“ შესახებ შემაჯამებელი საჯარო კონსულტაცია გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ლაშა ნაკაშიძე და კარგი მმართველობის ფონდის (GGF) პროექტის ოფიცერი ნინო ჩიქვანაია, დარგის სპეციალისტები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

 კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ მოიცავს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, არსებულ ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზს, სამომავლო რისკებსა და კლიმატის კანონის საერთაშორისო მაგალითებს.

 

საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა.

 

 როგორც საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ აღნიშნა,  ეს იქნება კანონი, რომელიც ერთი მხრივ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას გულისხმობს, ხოლო მეორე მხრივ, ეს იქნება კანონი, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ სამართლებრივ აქტს, რომელზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე დიდი ხანია მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ერთად. „კლიმატის ცვლილების საკითხი ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და შესაბამისად, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

 

„კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევები ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია „მწვანე წიგნის“ განხილვის ეს ფორმა, რომელშიც ჩართული არიან ექსპერტები და დაინტერესებული საზოგადოება. აღსანიშნავია, ბიზნესის ჩართულობაც ამ პროცესში, ვინაიდან, სწორედ ბიზნესი არის ის სფერო, რომელმაც უნდა მოახდინოს მთელი რიგი ჩანაცვლება ახალი ტექნოლოგიებით“,- აღნიშნა თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ ევროპაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს მიღებული მსგავსი დოკუმენტი.

                    

 „ძალიან მიხარია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიკრიბეთ და განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ჩვენი ქვეყნისთვის, როგორიც არის კლიმატის ცვლილება. კლიმატის ცვლილება დღეს უკვე აქტიურად იჭრება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. სახელმწიფოს პასუხი ამ პროცესების მიმართ, იქნება ეს ეროვნულ დონეზე კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირება, თუ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, უნდა იყოს თანმიმდევრული და ადეკვატური. ამისათვის, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება  ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ჩარჩო. და ამ საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების, ახალგაზრდების მონაწილეობა, მათი ხედვების გაზიარება, რომ მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც კლიმატის ცვლილების პროცესებს დაარეგულირებს“,-აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

 

 „მწვანე წიგნის“ მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების დაწყებაა, რაც გამოკვეთს მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებულ იქნას ,,კლიმატის ცვლილების შესახებ’’ კანონის პროექტში.

 

 ღონისძიებაში მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები,  სტუდენტები და დაინტერესებული მხარეები მონაწილეობდნენ. საჯარო კონსულტაციაში მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.

 

 საჯარო კონსულტაციები უკვე გაიმართა ქ.თელავსა და ქ.ქუთაისში. კონსულტაციების ფარგლებში მიღებული მოსაზრებების შემდეგ, შემუშავდება კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“, რომელშიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის ძირითადი პრინციპები აისახება.

თარიღი: 07/06/2023