საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინოვაციური ტრენინგი ტურიზმის სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი გიდებისთვის


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  კულტურული მემკვიდრეობის გიდების ექვსთვიანი სასწავლო კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, ასევე, პროგრამის ხელმძღვანელები და ამ პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.

 

,,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გადაამზადა 150 გიდი. ეს არის პირველი ნაბიჯი, იმედი მაქვს, რომ ასეთი სახის პროექტები მომავალშიც არაერთი განხორციელდება. აუცილებელია, რომ დაინერგოს პროფესიული სტანდარტები, იმ მიმართულებაში, რომელიც არის ძალიან აქტუალური. ტურიზმის გაზრდასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ხარისხი. კარგია რომ ვახერხებთ და ვაძლევთ თანამედროვე ცოდნას იმ სპეციალისტებს, რომლებიც მოემსახურებიან ტურისტულ სექტორს. ვულოცავ ყველას, ვინც მიიღო სერტიფიკატი და ვუსურვებ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

პროექტის მნიშვნელობასა და მის შედეგებზე ისაუბრა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა: „ჩვენ შარშან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად უმნიშვნელოვანეს პროცესს ჩავუყარეთ საფუძველი. ეს გახლავთ ზრუნვა იმ გიდებზე, ვინც მომსახურებას უწევს ტურისტს. ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ამ დაცვის პროცესში გიდები მონაწილეობენ. არაერთხელ გვსმენია, რომ არსებობენ არასათანადო ცოდნით აღჭურვილი გიდები, რომლებიც არასწორ ინფორმაციას აწვდიან და ატანენ ტურისტს თავის ქვეყანაში. შარშან ჩვენი დაფინანსებით შეიმუშავა თსუ-მ ტრენინგის მოდული  და ამ მოდულის  შესაბამისად წელს უკვე  ჩვენ დავაფინანსეთ 150 მდე გიდის ან გიდობის მსურველის მომზადება-გადამზადება.  დღეს ჩვენ დავაჯილდოვეთ საუკეთესო, პირველი კატეგორიის გიდები. იმედი მაქვს, რომ თუ უნივერსიტეტის სურვილი იქნება,  გავაგრძელებთ ამ პროექტს.“

 

პროექტისთვის 500-ზე მეტი აპლიკანტიდან 150 გიდობის მსურველი მოქალაქე შეირჩა; აქედან 50 საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის თანამშრომელი. სასწავლო კურსის მონაწილეების თხოვნით, სასწავლო პროგრამა ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა. რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს კურსზე დასწრების შესაძლებლობა ონლაინ ჰქონდათ. პროექტის მონაწილეებმა ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარეს. სასწავლო კურსს უძღვებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. პრაქტიკული გასვლები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობდა. პროგრამის სტუდენტებმა მუზეუმები, ღვინის მარნები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულეს და მათ ადგილზე ჩაუტარდათ მასტერკლასები. პროგრამის გავლის შემდეგ, გამოცდაზე გასვლის სურვილი გამოთქვა 50-მა მონაწილემ, რომელთაგან 17 მიენიჭა უმაღლესი კვალიფიკაციის გიდის სტატუსი, 133 კი - გიდის ასისტენტის სტატუსი. ისინი დღეს გამართულ ღონისძიებაზე  დააჯილდოვეს პროგრამის ხელმძღვანელებმა.

 

„საქართველოში ჩამოსულ ტურისტს უამრავი რამ აინტერესებს. სწორედ ჩვენ, გიდები ვართ წარმდგენი ჩვენი ქვეყნის და აუცილებელია მათ მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, დაზუსტებული, ფაქტებზე და ლიტერატურაზე დაფუძნებული. მივესალმები ამ პროექტს, რომელიც უნდა გაგრძელდეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გიდისთვის კვალიფიკაციის ამაღლება და საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენა,“- აღნიშნა პროექტის  ერთ-ერთმა წარმატებულმა მონაწილემ ანა ხაბაზმა.

 

„ვფიქრობ, პროექტმა გაამართლა. მის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ძალიან წარმატებული კადრები იყვნენ ჩართული მონაწილეთა მომზადებაში. გარდა ამისა,  მათ შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩაეტარებინათ ლექციები.  ჩვენ პროგრამაში გვქონდა ისეთი  კულტურული ძეგლებიც, რომელიც ტურისტულად ნაკლებად აქტიურია და ჩვენი მიზანია,  უფრო პოპულარული გავხადოთ ასეთი ადგილები იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა პოზიციონირება მოახდინოს მთელ მსოფლიოში,“ -  განაცხადა თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელმა სალომე ჭანტურიძემ.

 

   პროექტი „კულტურის სფეროში დასაქმებული გიდების ტრენინგები კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით 2021 წელს შემუშავებული მოდულის მიხედვით“ მიმდინარეობდა და მოიცავდა საერთაშორისო სტანდარტების თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების კურსს. სასწავლო პროგრამა პრაქტიკული სახელმძღვანელო უნარებისა და კომუნიკაციის ტექნიკის ყველა ძირითადი ელემენტის - პერსონალური სასწავლო მიდგომების, კრიტიკული აზროვნების სტრატეგიული გამოყენების, საგანმანათლებლო რესურსების, მოქნილი სწავლებისა და სხვა ინოვაციური სწავლის მეთოდების ერთობლიობას გულისხმობდა. კურსის გავლის შემდეგ, გიდებს შეეძლებათ ტურისტებს მიაწოდონ სიღრმისეული ინფორმაცია საქართველოს ისტორიული-კულტურული ძეგლების, ტურისტული ადგილების შესახებ, საინტერესოდ და ფაქტების დამახინჯების გარეშე წარმოაჩინონ ქვეყანა. 

თარიღი: 04/10/2022