საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინგა მილორავას ლიტერატურული ზღაპრების კრებული ,,წუთისოფელი ასეა...”

2021 წლის ივნისში გამომცემლობა ,,ინტელექტმა” გამოსცა ინგა მილორავას ლიტერატურული ზღაპრების კრებული ,,წუთისოფელი ასეა...”. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ამ წიგნის პრეზენტაცია. პანდემიიდან გამომდინარე, დამსწრეთა შეზღუდული რეოდენობრივი რეგლამენტის გამო ღონისძიება წარიმართა ერთგვარად კამერულ სიტუაციაში, ყველა სიტყვა იყო გულიდან მომდინარე. ინგა მილორავა, რომელიც 2020 წლის 3 ივნისს ნაადრევად გარდაიცვალა, იყო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი და ზემოთქმული ემოციები მისი კოლეგების, მეგობრებისა თუ სტუდენტებისა არც იყო გასაკვირი. სიტყვით გამოვიდნენ ინგას მეგობარი, ფილოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მაია იანტბელიძე, რომელიც ამ წიგნის რედაქტორია და წარადგინა ის საზოგადოების წინაშე. მან ისაუბრა ლიტერატურული ზღაპრის თავისებურებებზე მითოსთან მიმართებით და ამ მხრივ გამორჩეულ, ინგა მილორავას ლიტერატურული ზღაპრის სამყაროზე; უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათერდის პროფესორმა, ინგას მეგობარმა, თამარ შარაბიძემ მსმენელებს მოუთხრო ინგასნაირი პიროვნებისთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი თუ ინდივიდუალური ბუნების სისავსეზე და აუწყა, რომ საშემოდგომოდ მისი ორგანიზებით გამოიცემა ინგა მილორავას სამეცნიერო ნაშრომების კრებული; პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ ისაუბრა ინგას საოცარ შემოქმედებით უნარებზე, ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, იმ დიდ სიყვარულსა და პატივისცემაზე, რომელსაც იგი იმსახურებდა; პროფესორმა ეკა ვარდოშვილმა გაიხსენა, როგორ ვლინდებოდა ინგას პიროვნება მის მრავალმხრივ შემოქმედებით მოღვაწეობაში, გამოთქვა სურვილი, მოეწყოს ინგას გამორჩეული თვითმყოფადობით აღბეჭდილი ნახატების გამოფენა, რომლებშიც, როგორც მის ზღაპრებში თუნდაც, მისი სულია გასაგნებული; ინგაზე, მის პედაგოგიკურ თუ პიროვნულ ღირსებებზე, დიდი სიყვარულზე სტუდენტების მიმართ გულშიჩამწვდომად, ემოციურად ისაუბრეს მისმა სტუდენტებმა: მარიამ საბაძემ, მარიამ ჭიკაძემ, ქეთევან კვინიკაძემ. ღონისძიებას ესწრებოდა ინგას დეიდაშვილი, რომელმაც სწორად შეაფასა და იგრძნო ინგას ახლობელ ადამიანთა დამოკიდებულებებიამ ფაქიზ, ღრმა და სიცოცხლის ბოლომდე დიდ ბავშვად დარჩენილ ადამიანთან, ყველასგან გამორჩეულთან თავისი ნიჭიერებითა და გარეგნული თუ შინაგანი ხიბლით.

ეს საზოგადობრივი შეკრება იყო დადასტურება იმისა, როგორ ღრმა კვალს ტოვებს და სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს იშვიათი სულიერება.

თარიღი: 24/06/2021