საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იაპონიის ელჩის საჯარო ლექცია თსუ-ში

საჯარო ლექცია  „იაპონია ცვალებად მსოფლიოში: ომის შემდგომი წარმატებები და გამოწვევები“ - ამ თემაზე წაიკითხა საჯარო ლექცია იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

საჯარო ლექცია საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის თავისთვის მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

 

„ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იყო დიდი დაინტერესება სტუდენტების მხრიდან და დაისვა მრავალი კითხვა. ეს არის სერია, რომელიც გრძელდება და კიდევ ბევრი დიპლომატიური წარმომადგენელი მოვა უნივერსიტეტში, რათა წარმოუდგინოს სტუდენტებს თავიანთი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე სამყაროში ქვეყნები,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში იმამურა აკირას თქმით, საელჩოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. „დიდი პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფნა და საუბარი იმ გზაზე, რაც იაპონიამ გაირა ომის შემდგომ. ეს საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს უკრაინაში მიმდინარე ომისა და საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობის კონტექსტში. ძალიან მომეწონა სტუდენტების შეკითხვები, ძირითადად, ისინი დაინტერესებული იყვნენ ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობით, უსაფრთხოების საკითხებითა და გაცვლითი პროგრამებით ორ ქვეყანას შორის,“- განაცხადა იმამურა აკირამ.

 

თსუ სტუდენტის საბა სამუშიას თქმით, იაპონიის ელჩმა სტუდენტებისთვის  საინტერესო თემებზე ისაუბრა. “ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო.  მადლობას ვუხდი ჩვენს უნივერსიტეტს, ასეთ საინტერესო ადამიანებთან რომ გვაძლევს შეხვედრის შესაძლებლობას. დისკუსიაში ჩემი კითხვა ლტოლვილების საკითხს უკავშირდებოდა,  რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა იაპონიაში“,- აღნიშნა საბა სამუშიამ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  უკვე 15 წელია შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის პროგრამა ორი მოდულით: იაპონისტიკა და სინოლოგია ფუნქციონირებს. პროგრამის ხელმძღვანელის ნანა გელაშვილის თქმით, იაპონიის საელჩოსა და თსუ-ს თანამშრომლობის შედეგად  თსუ-ში იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი დაარსდა. „2010 წლის მარტში იაპონიის სამთავრობო გრანტის ფარგლებში დაარსებული ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს ლექციებს იაპონურ ენაზე, იაპონიის ისტორიაში, იაპონიის კულტურასა და ეკონომიკაში, შორეული აღმოსავლეთის ისტორიულ ქალაქებსა და სხვა საგნებში. სასწავლო პროცესის პარალელურად ცენტრი მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებას. შეიქმნა კინოკლუბი, ეწყობა კინოჩვენებები და დისკუსიები სტუდენტებისთვის, სტუდენტების ნამუშევრების გამოფენები იაპონიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.“

 

„ყოველწლიურად იზრდება იაპონისტიკის პროგრამაზე სტუდენტთა რიცხვი და მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ გაიფართოვონ თვალსაწიერი, ღრმად გაიცნონ პოლიტიკა, კულტურა. ამაში დიდი წვლილი აქვს იაპონიის საელჩოს. ჩვენი  მიმართულება ეხმარება სტუდენტებს, რომ მივცეთ მათ ღრმა და ყოვლისმომცველი ცოდნა არა მხოლოდ ენის, არამედ კულტურის ისტორიის და სხვა მიმართულებებით,“- აღნიშნა თსუ იაპონური ენის ლექტორმა თათია მემარნიშვილმა.

 

ამჟამად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  კობეს და ოსაკას უნივერსიტეტებთან, იაპონიის კოსმოსური კვლევის ლაბორატორიასთან (JAXA - Japan Aerospacve Exploration Agency) და იაპონიის უმსხვილეს მრავალდარგოვან ინსტიტუტთან RIKEN-თან თანამშრომლობს.

 

იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დამყარდა, რის შემდეგადაც ორმა ქვეყანამ განავითარა ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში: პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა.

თარიღი: 23/06/2022