საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში ნოვრუზი აღნიშნეს

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ირანისტიკის მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ნოვრუზი აღნიშნეს. თსუ მეხუთე კორპუსში ისევე, როგორც ირანულ ოჯახებში, გაიშალა ე.წ. „ჰაფთ სინის“ სუფრა (ასო ს-ზე დაწყებული შვიდი დასახელების ატრიბუტით), რომელიც აჰურა მაზდასა და მისი კეთილი ანგელოზების - ამეშასპენტების - სიმბოლოს წარმოადგენს. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ ირანელი დიპლომატები, რომელთაც სტუდენტები სპეციალური, სპარსულ ენაზე შესრულებული პროგრამით დახვდნენ.
 

21 მარტს სპარსულენოვანი სამყარო, „აბრეშუმის გზის“ ქვეყნები აღნიშნავენ უძველეს ირანულ ახალ წელს - ნოვრუზს. მრავალათასწლიანი ისტორიის მქონე ამ დღესასწაულს საქართველოშიც ზეიმობენ ჩვენი თანამემამულე აზერბაიჯანელები. ნოვრუზი განახლების, ბუნების გამოღვიძებისა და გაზაფხულის დადგომის ულამაზესი დღესასწაულია, რომელსაც არაერთი რიტუალი და ადათ-წესი უკავშირდება.
 

ნოურუზის აღნიშვნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ირანისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის ტრადიციად იქცა. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ხელმძღვანელს,  აჰმადალი მეჰრი არდესთანის, ირანიდან მოწვეულ ლექტორს, დოქტ. აქბარ ჰესაბისა და მის მეუღლეს, თბილისის ირანული სკოლის პედაგოგს, ირანისტმა სტუდენტებმა მიულოცეს ახალი, 1402 წელი. მათ ნოურუზის მახარობელი, ფოლკლორული პერსონაჟი, ჰაჯი ფირუზი და მითიური „ყინვის ბებია“ - ნანე სარმა - დაახვედრეს. სპარსულად იმღერეს, წაიკითხეს ჰაფეზის ლექსები ქართულ თარგმანთან ერთად. მოწვეულებს სპარსულ ენაზე უამბეს, როგორ აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ნოვრუზს. სტუმრებს სპარსულად გამოცანებიც უთხრეს და გამარჯვებულები გამოავლინეს.

 

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ირანისტიკის კათედრის პროფესორები, ირანისტიკის პროგრამების კურსდამთავრებულები.

 

თსუ ირანისტიკის პროგრამების სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. მიმდინარე სემესტრში, 10 მარტს, ირანის საელჩოს კულტურის განყოფილებასთან თანამშრომლობით, უკვე ჩატარდა ნიზამი განჯელის დღე. ღონისძიება გაიმართა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, საიდანაც სტუდენტებმა კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გადაინაცვლეს. მათ  ნიზამი განჯელის თხზულებათა და სხვა სპარსული ხელნაწერები დაათვალიერეს. 

 

სპარსული ენა, ლიტერატურა და სპარსეთის (ირანის) ისტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი გახსნის პირველივე დღიდან ისწავლება. სპარსეთის საისტორიო მწერლობას თავად ივანე ჯავახიშვილი უკითხავდა პირველ სტუდენტებს. მას შემდეგ უნივერსიტეტმა არაერთი სახელოვანი ირანისტი აღზარდა, რომელთაც მსოფლიო ორიენტალისტიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ქართველი ირანისტების გამოკვლევებმა დიდად შეუწყო ხელი ქართველოლოგიის განვითარებასაც და აჩვენა უცხოელ ირანისტებს, რომ მაღალი კვალიფიკაციის ირანისტის გზა ქართველოლოგიაზე გადის. ამასთან, მეზობელი ირანისადმი მსოფლიოს მზარდი ყურადღება თვალნათლივ წარმოაჩენს ირანისტიკის განვითარების აუცილებლობას.

 

დღესაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი რჩება ქართველ ირანისტთა კადრების აღზრდის უმთავრეს ცენტრად საქართველოში. განახლებული, აკრედიტებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ირანისტიკაში საშუალებას იძლევა ირანისა და სპარსულენოვანი სამყაროს ერუდირებული ექსპერტები აღზარდოს და მათი სტუდენტური ცხოვრება გაამრავალფეროვნოს.

თარიღი: 22/03/2023