საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში ინკლუზიური გარემოს განვითარებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საუნივერსიტეტო გარემოს ინკლუზიურობის გაუმჯობესებისთვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის ინიციატივით, უსინათლო და მცირედმხედველი სტუდენტების მხარდასაჭერად სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანებმა, თსუ-ს ბიბლიოთეკის, ხარისხის უზრუნველყოფისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა, სფეროს ექსპერტებმა და დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს.

 

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს თსუ რექტორის, ჯაბა სამუშიას ინიციატივა გააცნო წიგნების გაციფრულებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით სფეროს ექსპერტებმა და დაინტერესებულმა  პირებმა იმსჯელეს.  შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს CISI პროექტის ფარგლებში შესყიდული ტექნიკა უსინათლო და მცირედმხედველი სტუდენტებისთვის .  გაზაფხულის სემესტრში, ტექნიკა ხელმისაწვდომი იქნება თსუ ბიბლიოთეკებში შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისთვის. CISI „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“, ერაზმუს+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით ხორციელდება. მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ჩართულობის ხელშეწყობაა.

 

 თსუ აგრძელებს მუშაობას საუნივერსიტეტო გარემოს ინკლუზიურობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. თსუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრმა, დაინტერესებული პირების ჩართულობით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მხარდამჭერი ცენტრის კონცეფციაზე დაიწყო მუშაობა. დაიგეგმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება მარბურგის უნივერსიტეტთან.

თარიღი: 15/02/2024