საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში აკადემიურ ხარისხს ახალი კრიტერიუმებით შეაფასებენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის 1 იანვრიდან  აკადემიური პერსონალის შესარჩევად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება.

ახალი კრიტერიუმები ითვალისწინებს კონკურსისას კანდიდატების შეფასებას როგორც სამეცნიერო, ასევე აკადემიური კუთხით. სამეცნიერო კუთხით შეფასებისას გათვალისწინებული იქნება გარე რეფერირების პრინციპი, აკადემიური მხარის შეფასებისას კი კანდიდატი ფასდება როგორც პოტენციური ლექტორი. შემუშავდება სპეციალური ფორმულა, სადაც აისახება ყველა გაზომვადი კომპონენტი. რაც შეეხება მთავარ სიახლეს, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, კანდიდატებისთვის სავალდებულო იქნება ღია, საჩვენებელი ლექციის ჩატარება, რომელსაც კომისიის წვერებთან და დაინტერესებულ სპეციალისტებთან ერთად დაესწრებიან სტუდენტები. შემუშავდება სპეციალური ანკეტა, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს კანდიდატების შეფასების საშუალება ექნებათ. საკონკურსო კომისია სწორედ ზემოხსენებული ყველა კომპონენტის გათვალისწინებით  შეაჯამებს შედეგებს და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას თითოეულ კანდიდატზე.

„1 სექტემბრიდან გადავდივართ საინტერესო ეტაპზე, როცა ამ  კრიტერიუმებზე მსჯელობა გადაინაცვლებს ღია, საჯარო სივრცეში. ერთი თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს  შეეძლება საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება. შედეგად მივიღებთ საბოლოო დოკუმენტს, რომელსაც აკადემური და წარმომადგენლობითი საბჭოები დაამტკიცებენ და ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა“,- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება, სადისერტაციო ნაშრომების შეფასების სისტემის ცვლილებაა, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს სადისერტაციო ნაშრომების ხარისხს და გამორიცხავს პლაგიატის არსებობას. „ცნობილია, რომ ბევრ ჩვენი ტიპის ქვეყანაში შეინიშნება აკადემიური ხარისხის დევალვაცია, ეს ზოგადი ტენდენციაა და  საჭიროებს  ადეკვატური ზომების მიღებას. პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ აკადემიური ხარისხის მინიჭების პროცესში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართული შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ახალი გადაწყვეტილებით ვირჩევთ სწორედ ამ პრაქტიკას. აქამდე სადისერტაციო ნაშრომების შეფასება ხშირად არასპეცილისტებსაც უწევდათ, რაც არასწორია“, -აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

დისერტაციის დაცვისთვის შეიქმნება სადისერტაციო საბჭო, რომელშიც უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გარე რეფერირების პრინციპით მოწვეული იქნებიან დარგის სხვა სპეციალისტებიც. საბჭოს გადაწყვეტილებას შეისწავლის საუნივერსიტეტო სადისერტაციო კომისია. ამ ახალ სტრუქტურას ერთგვარი ფილტრის ფუნქციაც ექნება. კომისიაში ფაკულტეტების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს ტექნიკური ჯგუფი, რომელიც კომისიას პლაგიატის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესწავლაში დაეხმარება. „დარწმუნებული ვართ, ეს ცვლილებები უზრუნველყოფს  უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას“-აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ.


თარიღი: 17/06/2019