საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი „ვისწავლოთ, როგორ ვასწავლოთ“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ვისწავლოთ, როგორ ვასწავლოთ“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში მომზადდა 7 ვიდეოკლიპი - კვალიფიციური საგანმანათლებლო რესურსი (თვალსაჩინო ვიდეოები და განმარტებითი პრეზენტაციები). ვიდეოკლიპების მიზანია შეიქმნას ვირტუალური სივრცე, რომელიც მშობლის მხარდამჭერის როლს იტვირთებს და პასუხს გასცემს მათ კითხვებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის ლაშა საღინაძის თქმით, სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი თსუ-ში 2017 წლიდან მოქმედებს. ამ ხნის განმავლობაში თსუ ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო და დაფინანსდა 600-ზე მეტი პროექტი. „წარმატებებს ვუსურვებ პროექტის ავტორებს, ვიდეოკლიპები მშობლებს დაეხმარება, რომ უკეთ მიუდგნენ თავიანთ შვილებს და მეც სიამოვნებით მოვისმენ პროექტის ავტორების რეკომენდაციებს. წარმატებებს ვუსურვებ ასევე იმ კონკურსანტებს, რომლებიც მომავალში შემოიტანენ განაცხადს შესაბამისი საბჭოს სახელზე და მიიღებენ დაფინანსებას,“- აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

პროექტი „ვისწავლოთ, როგორ ვასწავლოთ“ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა. თსუ პროფესორმა, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მზია წერეთელმა აღნიშნა, რომ ვიდეოკლიპები, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტებს ასახავს, უნიკალურია, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ქართულ ენაზე შექმნილ პირველ სასწავლო ვიდეორესურსს სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის, აკადემიური წრეებისთვისა და ფართო საზოგადოებისთვის. „ამ სახის რესურსები არ გაგვაჩნია ქართულ ენაზე, შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება მოკლებული იყო სიამოვნებას საკუთარი თვალით ენახა ამ ტიპის ექსპერიმენტები და ბავშვის განვითარების თავისებურებები. ამასთანავე, უშუალოდ დარწმუნებულიყო, როგორია პროცესი და რაც მთავარია, გაცნობოდა ამ თავისებურებების შესახებ კვალიფიციურ ახსნას. იმედი მაქვს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩვენი ინსტიტუტი, ასევე დარგის სპეციალისტები ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ და მსგავსი ტიპის მრავალ რესურსს შექმნიან,“- აღნიშნა მზია წერეთელმა.

პროექტის ავტორია თსუ განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ბაია კუბლაშვილი, მასთან ერთად პროექტს ახორცილებდა ამავე ფაკულტეტის დოქტორანტი თათა მაღლაკელიძე.

ბაია კუბლაშვილის თქმით, პროექტის შედეგად მიღებული მასალა ხელს შეუწყობს მშობლების ცნობიერების ამაღლებას შვილების საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებით. შექმნილი რესურსით ისარგებლებენ როგორც მშობლები, ისე ფსიქოლოგიისა და მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტები. „ვიდეო რესურსები მომზადდა სწავლისა და განვითარების თეორეტიკოსების ცნობილი ექსპერიმენტების მიხედვით. ისინი მოერგო ქართულ რეალობას. ჩვენი სამიზნე აუდიტორია გახლავთ მასწავლებლები, ფსიქოლოგები, სტუდენტები და, რაც მთავარია, მშობლები. ჩვენი მიზანია, ქართული ვიდეორესურსების სახით, გავაზიაროთ ასაკობრივი განვითარების ის ძირითადი თავისებურებები, რომლითაც ბავშვებში განვითარების პროცესი ხასიათდება. ვიდეორესურსები სოციალურ ქსელში გავრცელდება, ასევე შეიქმნება პლატფორმა, სადაც მხარდაჭერას აღვუთქვამთ მშობლებს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას, როგორც წერილობით, ისე ვებინარების ფორმატით ვუპასუხებთ, “- აღნიშნა ბაია კუბლაშვილმა.

ვიდეოკლიპები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

თარიღი: 22/11/2021