eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტებმა სტაჟირება რიზეს უნივერსიტეტში გაიარეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის იმ  სტუდენტებს შორის ვინც პროფესიული პრაქტიკა საზღვარგარეთ გაიარა,  რიზეში (თურქეთი) რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში წასული ახალგაზრდებიც იყვნენ. 

 

თურქეთიდან დაბრუნებული სტუდენტები საერთაშორისო სტაჟირების დიდ მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობენ, როგორც მომავალი ექიმისათვის საჭირო სამედიცინო პრაქტიკის და ცოდნის მიღების წყაროზე. 

 

სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ დილის კლინიკურ კონფერენციებს, ექიმებთან ერთად განეხილათ პაციენტების კლინიკური შემთხვევები, გასცნობოდნენ დიაგნოსტიკა-მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს.

 საერთაშორისო პრაქტიკისა და რიზეში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ ისინი თავად საუბრობენ. 

 

ერთ-ერთი სემარ ალიევაა, რომლისთვისაც, თურქეთში, რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით გავლილი სტაჟირება უდიდესი პროფესიული და პიროვნული გამოცდილება აღმოჩნდა. "სტაჟირების ფარგლებში ყოველდღიურად ვესწრებოდი დილის კლინიკურ შემოვლებს, ექიმებთან ერთად განვიხილავდით კლინიკურ ქეისებს და ვეცნობოდი პაციენტების მართვის თანამედროვე მიდგომებს. დავესწარი სხვადასხვა გინეკოლოგიურ და სამეანო ოპერაციას, რომელშიც ასისტენტის სტატუშით მივიღე მონაწილეობა. ადგილობრივი ექიმების მაღალმა პროფესიონალიზმმა, პაციენტებისადმი მზრუნველმა დამოკიდებულებამ და სტუდენტების მიმართ კოლეგიალურმა მხარდაჭერამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ საერთაშორისო გამოცდილებამ კიდევ უფრო გამიძლიერა მოტივაცია, რომ არჩეულ სფეროში მუდმივად განვვითარდე. მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის და მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მომავალ სამედიცინო საქმიანობაში", - ამბობს სემარი.

 

ვალი ალიევმა 2026 წლის აგვისტოში სტაჟირება რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის პულმონოლოგიის განყოფილებაში გაიარა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული და აკადემიური გამოცდილება იყო. როგორც თავად აცხადებს, სტაჟირების პერიოდში შესაძლებლობა ჰქონდა, გაეღრმავებინა თეორიული ცოდნა, უკეთ გაეცნო ფილტვის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და უშუალოდ გასცნობოდა კლინიკური მუშაობის სპეციფიკას. "მიღებული გამოცდილება დამეხმარა, უკეთ დამეკავშირებინა თეორიული ცოდნა პრაქტიკასთან, განმევითარებინა კლინიკური აზროვნება და უფრო ღრმად გამეაზრებინა პულმონოლოგიის მნიშვნელობა თანამედროვე მედიცინაში. განსაკუთრებულად დასაფასებელი იყო ექიმებისა და პროფესორების პროფესიონალიზმი, ყურადღება და ცოდნის გაზიარების სურვილი, რამაც ეს პერიოდი კიდევ უფრო ნაყოფიერი და შთამბეჭდავი გახადა. ამ სტაჟირებამ კიდევ უფრო გამიძლიერა ინტერესი პულმონოლოგიის მიმართ და დამარწმუნა, რომ ექიმის პროფესიული ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია მუდმივი სწავლა, პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება და ცოდნის უწყვეტი გაღრმავება. ჩემთვის ეს სამი კვირა მხოლოდ ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობა არ ყოფილა - ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემი პროფესიული მიზნების გაცნობიერებისა და მომავალი კარიერული განვითარების გზაზე. პულმონოლოგიის განყოფილებაში მიღებული გამოცდილების გარდა, შესაძლებლობა მქონდა, გავცნობოდი სხვა კლინიკური განყოფილებების საქმიანობასაც, მათ შორის გადაუდებელი მედიცინისა და საოპერაციო ბლოკის მუშაობას, რამაც ხელი შეუწყო ჩემი სამედიცინო ცოდნის გაღრმავებასა და კლინიკური გამოცდილების გაზრდას. გულწრფელ მადლობას ვუხდი რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს, საუნივერსიტეტო კლინიკის პულმონოლოგიის განყოფილების ექიმებსა და პროფესორებს მიღებული ცოდნისთვის, მხარდაჭერისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის ხელმძღვანელობას ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის. მჯერა, რომ ამ პერიოდში მიღებული გამოცდილება ჩემს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და დამეხმარება, გავაგრძელო განვითარება როგორც ცოდნაზე, პასუხისმგებლობასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებულმა მომავალმა ექიმმა", - აცხადებს ვალი ალიევი.

 

მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტმა ხოშგედემ გასანალიევამ  სტაჟირება შინაგანი მედიცინის განყოფილებაში გაიარა, თუმცა ექიმებისა და პროფესორების დახმარებით სხვა მიმართულებების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდა. მისი თქმით, "შინაგან მედიცინასთან ერთად დავესწარით სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენელთა მუშაობას, მათ შორის როგორც შინაგან მედიცინის განყოფილებების ასევე გინეკოლოგიის, გადაუდებელი  დახმარების განყოფლების, ზოგადი ქირურგიის და სხვა  სპეციალობების ნახვას. ასევე დავათვალიერეთ, საოპერაციო არე და დავესწარით სხვადსხვა საინტერესო ოპერაციებს. ეს გამოცდილება დამეხმარა, გამეღრმავებინა როგორც თეორიული ცოდნა, ისე კლინიკური პრაქტიკის შესახებ წარმოდგენა და უკეთ დამენახა სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებას შორის კავშირი. გვქონდა  შესაძლებლობა ახლოდან გვენახა  თუ როგორ იღებენ ექიმები პაციენტებს, როგორ აგროვებენ ანამნეზს, ატარებენ გამოკვლევას, აფასებენ პაციენტის მდგომარეობას და არჩევენ შესაბამის მკურნალობას. ასევე ვნახე ბევრი საინტერესო კლინიკური შემთხვევა, რამაც ჩემი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება კიდევ უფრო გაამდიდრა. ჩემთვის ეს სტაჟირება იყო შესაძლებლობა, ერთდროულად განმევითარებინა ჩემი პროფესიული უნარები, გამეცნო თურქეთის ჯანდაცვის სისტემა და პირადად შევხვედროდი იქ მომუშავე ექიმებსა და პროფესორებს. რიზეში გატარებული პერიოდი ჩემთვის განსაკუთრებული იყო არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ემოციური თვალსაზრისითაც. რიზე თავისი ბუნებით, ულამაზესი ხედებითა და მშვიდი გარემოთი ძალიან ლამაზი ქალაქია. თუმცა, ჩემი აზრით, ადგილის ნამდვილ სილამაზეს მხოლოდ მისი ბუნება არ განსაზღვრავს — მას განსაკუთრებულს იქ მცხოვრები ადამიანებიც ხდიან. რიზეში სწორედ ეს ვიგრძენი. ადგილობრივი მოსახლეობის სითბო, კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა ძალიან სასიამოვნო იყო. ექიმებმა და პროფესორებმა გვაჩვენეს, რომ კარგი ექიმობა მხოლოდ ცოდნასა და პროფესიულ უნარებს არ ნიშნავს. ექიმი პირველ რიგში ადამიანია, რომელსაც სხვა ადამიანის ტკივილის გაგება, მისი მოსმენა და დახმარება უნდა შეეძლოს. პაციენტთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორი მკურნალობის შერჩევა, არამედ თანაგრძნობა, მოთმინება, პატივისცემა და ყურადღება". 

 

 კიდევ ერთი სტუდენტი ამირახ ისლამოვია: "სტაჟირების პერიოდში მივიღე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება, გავეცანი პაციენტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესს და გავიღრმავე სამედიცინო ცოდნა. ასევე, შესაძლებლობა მქონდა, გავცნობოდი თანამედროვე რადიოლოგიურ აპარატურას, დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარების მეთოდებსა და სამედიცინო გამოსახულებების შეფასების ძირითად პრინციპები. დავაკვირდი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ყოველდღიურ საქმიანობას, რამაც უკეთ დამანახა გუნდური მუშაობის, პროფესიული პასუხისმგებლობისა და პაციენტებთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობა".

 

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის როზა პირვერდიევას შეფასებით, 2026 წელს სამი კვირის განმავლობაში სტაჟირების გამოცდილება მისთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. "მომეცა შესაძლებლობა, გამეღრმავებინა სამედიცინო ცოდნა, გავცნობოდი კლინიკურ გარემოსა და თურქეთის სამედიცინო განათლების თავისებურებებს. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ექიმებისა და კოლეგების კეთილგანწყობა და მხარდაჭერა. რიზეში გატარებულმა ერთმა თვემ ბევრი ახალი გამოცდილება და დაუვიწყარი მოგონება დამიტოვა. მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის, რომელმაც კიდევ უფრო გამიძლიერა მოტივაცია, გავაგრძელო განვითარება და მომავალში კვალიფიციურ ექიმად ჩამოვყალიბდე. განსაკუთრებული მადლობა ჩემს უნივერსიტეტსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გამოცდილების მიღებაში წვლილი შეიტანა".

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კიდევ ერთი სტუდენტი, ნარმინ ახმედოვა: "2026 წელს მონაწილეობა მივიღე თურქეთში, ქალაქ რიზეში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გამართულ სამკვირიან სტაჟირების პროგრამაში. სტაჟირების განმავლობაში პულმონოლოგიის განყოფილებაში გავეცანი ექიმების ყოველდღიურ საქმიანობას, პაციენტების მართვის პროცესს და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების თავისებურებებს. ასევე, შესაძლებლობა მქონდა, მენახა სხვა განყოფილებებიც, რამაც უფრო ფართო წარმოდგენა შემიქმნა საავადმყოფოს მუშაობასა და სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებაზე. ამ გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა კლინიკურ პრაქტიკასთან დამეკავშირებინა, გამეცნო განსხვავებული სამუშაო გარემო და ახალი გამოცდილება მიმეღო. განსაკუთრებით დასაფასებელი იყო თბილი გარემო და სამედიცინო პერსონალის მზაობა, გაეზიარებინათ საკუთარი ცოდნა.რიზეში გატარებული ეს სამი კვირა ჩემთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პროფესიულ გზაზე. მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის და ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობდა",- აღნიშნავს ნარინი. 

თარიღი: 20/10/2026