საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება 25 წლისაა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის/დეპარტამენტის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მიმართულების კურსდამთავრებულები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებიდან, სხვადასხვა უწყებიდან, უნივერსიტეტებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „25 წლის წინ შეიქმნა მიმართულება, სკოლა, რომელიც მანამდე არ ჰქონდა საქართველოს - საერთაშორისო ურთიერთობები, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქართული დიპლომატია. ამ მიმართულების დამფუძნებლებმა შექმნეს იმის შანსი, რომ დაარსებულიყო ევროპული დონის დიპლომატიური სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ ეს სკოლა დღესაც ვითარდება.“

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ დოლბაიამ აღნიშნა, უკვე 25 წელია ამ მიმართულების კურსდამთავრებულები დიდი წარმატებით გამოირჩევიან სხვადასხვა სფეროში. მისივე თქმით, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, როგორც უნივერსიტეტის, ასევე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი სპეციალობაა. „გვეამაყება, რომ სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაეყარა საფუძველი საერთაშორისო ურთიერთობების როგორც მეცნიერების, სპეციალობის ჩამოყალიბებასა და განვითარებას."-განაცხადა თამარ დოლბაიამ.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო. იმ პერიოდში საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე იყო. ამ მიმართულებით საჭირო იყო პროფესიონალი, კვალიფიციური კადრების აღზრდა. დღეს, ამაყები ვართ იმით, თუ რა შედეგსაც მიაღწია საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულებამ. დღესაც დიდია ამ მიმართულების კურსდამთავრებულთა წვლილი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ დიპლომატიურ ცხოვრებაში,“ - აღნიშნა თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების კურსდამთავრებულმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

„მეამაყება, რომ ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებული ვარ. საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების დაარსება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ერთდროულად მოხდა. ჩვენ უნდა წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე. მაშინაც და დღესაც პრესტიჟულია ამ მიმართულებაზე სწავლა. ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს ამ მიმართულებას, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას ქვეყნის სამსახურში,“- განაცხადა თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების კურსდამთავრებულმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ზურაბ დავითაშვილის თქმით, „თსუ-ში საერთაშორისო მიმართულების დაარსების 25 წლის იუბილეს ემთხვევა ამ კათედრის პირველი გამგის, საქართველოში ამ სპეციალობის ფუძემდებლის ალექსანდრე რონდელის 75 წლისთვს. ეს სპეციალობა მანამდე საქართველოში საერთოდ არ ყოფილა, დღეს კი ის ყველაზე მოთხოვნადი და პრესტიჟული სპეციალობაა საქართველოში.“

„თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულება ყველაზე წარმატებული მიმართულებაა საქართველოში. თუნდაც იმიტომ, რომ ყველაზე მაღალი ქულის აბიტურიენტები ხვდებიან ამ მიმართულებაზე და ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები გვყავს. ისინი არიან როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში, რომლებიც გარკვეულ ტონს აძლევენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს,“- განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კურსადამთავრებულმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, პროფესორმა სერგი კაპანაძემ.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორი იოსებ სალუქვაძე, სტუდენტი მარიამ ტყეშელაშვილი.

1991 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, რომელიც სამ კათედრას აერთიანებდა, მათგან ორი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, ხოლო ერთი საერთაშორისო ურთიერთობების პროფილით. საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც მეცნიერება და როგორც საუნივერსიტეტო სპეციალობა, სრულიად ახალი სფერო იყო საქართველოში. საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის პირველ გამგედ არჩეულ იქნა პროფესორი ალექსანდრე რონდელი, რომლის სახელთან არის დაკავშირებული საერთაშორისო ურთიერთობების როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება საქართველოში.

25 წლის მანძილზე თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ სპეციალობად, რომელიც წლების მანძილზე ინარჩუნებს პირველობას პოპულარულობის რეიტინგის მიხედვით საქართველოში. კურსდამთავრებულებს შორის მრავლადაა ჩვენი საზოგადოების ცნობილი სახეები - სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და მეცნიერები.
თარიღი: 16/11/2018