საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) გამოფენაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზენტაცია გაიმართა საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) ყოველწლიურ გამოფენაზე გოტენბურგში (შვედეთი). პრეზენტაციაზე თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გერგედავამ ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია თსუ-ის შესახებ, გააცნო ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს საერთაშორისო სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მობილობის ფარგლებში.

 

საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის გამოფენა ყოველწლიურად იმართება ევროპის სხვადასხვა ქალაქში. წლევანდელ გამოფენაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სტენდით წარსდგა, რომელშიც საქართველოში აკრედიტებული 20-მდე სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტი მონაწილეობდა. გამოფენაზე სამინისტრომ გამართა სესია, რომელზეც საუბარი შეეხო საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციასა და პოპულარიზაციას.

 

საერთაშორისო გამოფენაზე თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა 50-ზე მეტი შეხვედრა გამართეს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანი არსებულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან მიმდინარე თანამშრომლობის უფრო გაღრმავება და ახალი პრტნიორების მოძიება, ახალი კავშირების დამყარება იყო. შეხვედრებზე შეთანხმდნენ სტუდენტებისა და პერსონალის მობილობასა და პერსონალის კვირეულებში მონაწილეობაზე.

 

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰარვარდის (აშშ) უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელზეც გადაწყდა, რომ უნივერსიტეტი ექსკლუზიურ ადგილს გამოუყოფს თსუ-ს ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში და სტუდენტების რაოდენობა 7-მდე გაიზრდება. ასევე, გენტის (ბელგია) უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, თსუ-სთვის გამოიყოფა დაფინანსება ერასმუს + ფარგლებში. ფრანკფურტის (გერმანია) უნივერსიტეტთან მიღწეული შეთანხმების შედეგად კი, თსუ სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ისარგებლებენ ამ უნივერსიტეტში მობილობის პროგრამით.

 

თარიღი: 18/09/2025