საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ მეცნიერი კვლევითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენ-პროფესორმა ვალერი არღუთაშვილმა გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერი ფონდის ერთობლივი კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მეცნიერისთვის მოიპოვა. სტიპენდიის ფარგლებში, ვალერი არღუთაშვილი გერმანიაში, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში განახორციელებს კვლევას „აგროტურიზმის სექტორში მეწარმეობის გერმანული გამოცდილების დანერგვის შესახებ საქართველოში.“

 

კვლევის მთავარი მიზანს გერმანიაში აგროტურიზმის სექტორში დასაქმებულთა საქმიანობის გაანალიზება, წარმატებული მაგალითების გაცნობა და საქართველოში აგროტურიზმის განვითარებისთვის ადაპტირებული, ინოვაციური მოდელების დანერგვა წარმოადგენს. ამასთან ერთად, კვლევის პროცესში, გერმანული გამოცდილების გაზიარებით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა თსუ ტურიზმის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის შემთხვევის ანალიზის (case study)  შემუშავებას, რაც თეორიულ მასალას პრაქტიკული კომპონენტებით გაამდიდრებს.

 

თსუ მეცნიერის ვალერი არღუთაშვილის თქმით, საქართველოს მდიდარი რესურსებიდან და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებიდან გამომდინარე, უნიკალური შესაძლებლობა აქვს, აგროტურიზმის განვითარების კუთხით, რეგიონში ლიდერ ქვეყანად იქცეს. ამისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად კი თსუ მეცნიერი უცხოური პრაქტიკის შესწავლას და ფრთხილი მიდგომებით ამ გამოცდილების საქართველოში დანერგვას მიიჩნევს.

 

„საქართველოში, კლასიკური გაგებით აგროტურისტული დანიშნულების ადგილები პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, არის გარკვეული მცდელობის მაგალითები, რაც დამაიმედებელია. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ დაგროვებული გამოცდილება, გრძელვადიანი განვითარების კონცეფციები, ბიზნეს მოდელების შესწავლა, დაფინანსების სქემები და პროდუქტების განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები დაეხმარება უკვე არსებულ მეურნეობებს შემდგომ სრულყოფაში. საქართველოს კი ამ კუთხით განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს,“ - აღნიშნავს მეცნიერი.

 

მისივე თქმით, საქართველოში აგროტურიზმის განვითარება ტურისტული დანიშნულების ობიექტებისა და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს, რაც ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მდგრად განვითარებაზე მოახდენს გავლენას  და ამ პროცესს გრძელვადიანი და ხელშესახები შედეგები ექნება.

 

„აღნიშნული პროცესი იქნება შესაძლებლობა რეგიონებში შევქმნათ ახალი მიზიდულობის წერტილები. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ტურიზმის განვითარების კუთხით,“ - მიიჩნევს ვალერი არღუთაშვილი.

 

თსუ მეცნიერს ამ მიმართულებით მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ვალერი არღუთაშვილი 2012 წლიდან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ასისტენტ-პროფესორია. 2016 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. აქტიურ მონაწილეობას იღებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. სხვადასხვა დროს Erasmus + გრანტით იმყოფებოდა პორტუგალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც ევროპელი სტუდენტებისთვის კითხულობდა ლექციებს. 2020 წლის ნოემბერში “DAAD Eastern Partnership” პროგრამის ფარგლებში ერთი თვე, კვლევითი სტიპენდიით გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში გაატარა.

თარიღი: 08/05/2021