საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-მ ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლისსამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ორგანიზებით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრსა (ICMPD) და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა.

შეჯიბრის ფინალურ რაუნდებში თბილისისა და საქართველოს რეგიონების აკრედიტებული საჯარო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ათი გუნდი და ორმოცდაათამდე სტუდენტი შეირჩა.

კონკურსის მიზანი ლტოლვილთა და თავშესაფრის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და სასამართლოს წინაშე საქმის წარსადგენად სტუდენტთა უნარ-ჩვევების განვითარება გახლდათ.

კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებს თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორებმა და ICMPD-ის ექსპერტებმა სპეციალური მოსამზადებელი კურსი შესთავაზეს. ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ლტოლვილთა დაცვის სისტემის შესახებ ტრენინგში ასევე ჩართული იყო იუდიტ პუტცერი, ავსტრიის ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე და ლტოლვილთა სამართლის საერთაშორისო მოსამართლეთა ასოციაციის საბჭოს წევრი.

კონკურსის პირველ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით მონაწილე გუნდებმა სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი საქმის საფუძველზე  მოსარჩელისა და მოპასუხის პოზიციები წერილობით წარმოადგინეს. წერილობითი რაუნდის შედეგად შერჩეულმა გუნდებმა ზეპირ რაუნდებში იასპარეზეს.

საქმეზე მუშაობისას სტუდენტებს ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის ისეთ აქტუალურ საკითხებზე მუშაობა მოუხდათ, როგორიცაა არგაძევების პრინციპი, ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურა, უსაფრთხო მესამე ქვეყნის კონცეფცია, სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოება და სხვ.

ზეპირი რაუნდების შესარჩევი თამაშებით გამოვლინდა ორი ფინალისტი გუნდი, ხოლო გამარჯვება იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდს ხვდა წილად, გიორგი თავართქილაძის, ნანა ვეკუასა და იზა სამუშიას შემადგენლობით.

შეჯიბრის ზეპირ რაუნდებში გუნდები მაღალკვალიფიციური კომისიის წინაშე წარდგნენ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ მოქმედი მოსამართლეები და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის პრაქტიკოსი იურისტები როგორც სახელმწიფოს, ისე უფლებადამცველთა მხრიდან, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები და თავშესაფრისა და საერთაშორისო დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების ფინალურ ეტაპს მოსამართლის რანგში დაესწრო მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ვენის ოფისის პროგრამების ხელმძღვანელი ვიოლეტა ვაგნერი.

თარიღი: 04/02/2019