საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ იურიდიულმა ფაკულტეტმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინიციატივით, ივნისის თვე ბავშვთა უფლებების დაცვის თვედ გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით, თსუ-მ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამების და სტუდენტური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საუნივერსიტეტო სივრცე გააცნეს. თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მორის შალიკაშვილმა მოსწავლეებისთვის ბავშვთა უფლებების თემატიკაზე საჯარო ლექცია წაიკითხა.

 

ღონისძიებას თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

„სკოლის მოსწავლეებს ჩვენი ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ, დავათვალიერებინეთ პირველი და მეორე სასწავლო კორპუსები, თსუ ბიბლიოთეკა და მუზეუმი. მთელი თვის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი,“ - აღნიშნა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.

 

პროექტის კოორდინატორის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის გიორგი აბულაძის ინფორმაციით, ივნისში დაგეგმილი აქტივობებიდან ერთ-ერთი ჩანახატების კონკურსია: „სკოლის მოსწავლეებისთვის ჩანახატების კონკურსი ბავშვთა უფლებების დაცვის თემატიკაზე უკვე დაწყებულია. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ნამუშევრები წერილობით ან ნახატის სახით გამოაგზავნონ, სადაც მოცემული იქნება მათი დამოკიდებულება და მოსაზრება საკუთარი უფლებების შესახებ.“

 

   მარიამ მეგენეიშვილი თბილისის 64-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. მარიამი სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლის გაგრძელებას თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე გეგმავს. „ძალიან ვარ დაინტერესებული სამართლით, შესაბამისად დღევანდელი ღონისძიება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი გამოცდილების მომცემია. ვიმედოვნებ, მომავალში ისევ დავბრუნდები ამ უნივერსიტეტში და შევისწავლი სამართალს,“ - ამბობს მარიამი.

 

    თსუ იურიდიული ფაკულტეტის მიერ ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ესეების კონკურსი დაანონსდა. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურთან თანამშრომლობით კი დაგეგმილია ბავშვთა უფლებების გზამკვლევის პრეზენტაცია.

თარიღი: 22/06/2022