eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დელეგაციის ვიზიტი ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტში

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია კანცლერის ლაშა საღინაძის ხელმძღვანელობით, ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით მიმდინარე ტრანსნაციონალური საუნივერსიტეტო თანამშრომლობის საგრანტო პროექტის ფარგლებში, ეწვია ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტს (შოტლანდია).

 

დეუსტოს უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას Deusto Global-ის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და ევროპული საგრანტო ინიციატივების ფარგლებში პარტნიორობის შესაძლებლობებს.

 

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. შეხვედრის დასრულების შემდეგ Deusto Global-ის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას დეუსტოს უნივერსიტეტის ბილბაოს კამპუსი დაათვალიერებინეს. დელეგაცია გაეცნო უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას, ბიბლიოთეკას, სტუდენტურ სივრცეებსა და იმ თანამედროვე გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას. დეუსტოს უნივერსიტეტი 1886 წელს დაარსდა და დღეს ესპანეთის ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე პრესტიჟულ კერძო უნივერსიტეტად მიიჩნევა. უნივერსიტეტი ორ ძირითად კამპუსს აერთიანებს – ბილბაოსა და სან-სებასტიანში, ასევე საქმიანობას ახორციელებს ვიტორია-გასტეისსა და მადრიდში. ამჟამად დეუსტოს უნივერსიტეტში სწავლობს 12 500-ზე მეტი სტუდენტი, ხოლო სასწავლო, სამეცნიერო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში 1 100-ზე მეტი აკადემიური თანამშრომელი და მკვლევარია ჩართული. უნივერსიტეტის აკადემიური სტრუქტურა შვიდ ფაკულტეტს მოიცავს: ბიზნესის, სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, ინჟინერიის, განათლებისა და სპორტის, ჯანმრთელობის მეცნიერებებისა და თეოლოგიის ფაკულტეტებს. დეუსტოს უნივერსიტეტი განსაკუთრებული გამოირჩევა საერთაშორისო თანამშრომლობის, ინოვაციების, კვლევისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული განათლების თვალსაზრისით და მსოფლიოს 550-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დეუსტოს უნივერსიტეტს შორის სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით და ქმნის საფუძველს ახალი ერთობლივი აკადემიური და კვლევითი ინიციატივების განხორციელებისთვის.

თარიღი: 11/09/2026