თსუ ასოცირებულმა პროფესორმა დავით მაზიაშვილმა, რომელიც შექსპირის კვლევის ევროპის ასოციაციისა (ESRA) და შექსპირის საერთაშორისო ასოციაციის (ISA) წევრია, მონაწილეობა მიიღო შექსპირის მსოფლიო კონგრესში, რომელსაც 20-26 ივლისს ვერონის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ვერონის უნივერსიტეტში, შექსპირის მსოფლიო კონგრესის შთამბეჭდავი პროგრამის ფარგლებში პროფ. დავით მაზიაშვილმა წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი თავისი უახლესი ორენოვანი მონოგრაფიიდან „სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა” (2025), რომელიც ეხება თანამედროვე ქართველი ხელოვანის მარიამ ალექსიძის მიერ 2016 წელს რუსთაველის ეროვნულ თეატრში დადგმულ ქორეოგრაფიულ ფანტაზიას “შექსპირი.სიყვარული“.
ვერონის უნივერსიტეტში, შექსპირმა და 2026 წლის მსოფლიო კონგრესის მთავარმა თემამ “Planetary Shakespeares” გააერთიანა მსოფლიოს წამყვანი შექსპიროლოგები, მეცნიერები, ხელოვანები და გამომცემლობები.
შექსპირის საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით შექსპირის მსოფლიო კონგრესი 1976 წლიდან, ხუთ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში იმართება. პირველ მსოფლიო კონგრესში საქართველოში შექსპიროლოგიის ფუძემდებელი, თსუ პროფესორი ნიკო ყიასაშვილი მონაწილეობდა. მას შემდეგ მხოლოდ წელს მონაწილეობდა საქართველოს წარმომადგენელი.
მეტი ინფორმაცია იხილეთ კონგრესის ვებ-გვერდზე: https://www.wsc2026.org/