საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ასირიოლოგიის კათედრის 100 წლის იუბილე

 ქართველი ასირიოლოგების პირადი ნივთები, ფოტოები, ხელნაწერები,  დოკუმენტები და სხვადასხვა უნიკალური ნივთები გამოიფინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ასირიოლოგიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

 

გამოფენა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასირიოლოგიის კათედრის, თსუ მუზეუმისა  და ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების გახსნას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ მუზეუმის ხელმძღვანელი მაია გურაბანიძე, ასირიოლოგიის კათედრის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება საკმაოდ ფართო სპექტრი იმ ენებისა და ცივილიზაციების, რომლებიც იყენებდნენ ლურსმულ დამწერლობას: შუმერული, აქადური, ხეთური, ხათური, ურარტული. აქედან, ხათური და ურარტული ენები მსოფლიოში მხოლოდ თსუ სასწავლო პროგრამებშია შეტანილი. „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 75 საგანმანათლებლო პროგრამა მუშაობს,  ჩვენ ყველა პროგრამის განვითარებაზე ვზრუნავთ, ამ პროგრამებს შორის არიან ისეთი პროგრამებიც, რომლებიც კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი არ არის, მაგრამ ეს პროგრამები არასოდეს შეგვიფასებია ამ თვალსაზრისით. ჩვენ ვზრუნავთ ასირიოლოგიის, როგორც დარგის განვითარებაზე. ძალიან ბევრ უნივერსიტეტს არ აქვს ამის ფუფუნება. ახლახან, ასირიოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა გაიარა აკრედიტაცია და სექტემბრიდან უკვე კვლავ ველოდებით სტუდენტებს“, - აღნიშნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.

 

ცნობილი ენათმეცნიერის თამაზ გამყრელიძის ჩიკაგოს პროფესორობისდროინდელი მანტია, მიხაკო წერეთლის ჟილეტი და სამელნე, ჯემალ შარაშენიძისა და გიორგი მელიქიშვილის მემორიალური ნივთები, ასევე, რარიტეტული წიგნი მიხაკო წერეთლის "გილგამეშიანის" 1924 წლის გამოცემა და სხვა უნიკალური ნივთები ქართველი ასირიოლოგების შთამომავლებმა თსუ მუზეუმს საჩუქრად გადასცეს.

 

თსუ მუზეუმის ხელმძღვანელის მაია გურაბანიძის თქმით, გამოფენა ასახავს იმ მასშტაბურ მიღწევებს, რაც ჰქონდა თსუ ასირიოლოგიის კათედრას დაარსების დღიდან. „ამ ადამიანების სამეცნიერო საქმიანობა არის მსოფლიოს დიდი სამეცნიერო ცივილიზაციის ნაწილი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ დიდი მეცნიერების მემკვიდრეებს, რომლებმაც არ დაიშურეს, დაგვეხმარნენ და მოგვაწოდეს მემორიალური ნივთები, ხელნაწერები და გაგვამდიდრებინეს ჩვენი ექსპოზიცია“, - განაცხადა მაია გურაბანიძემ.

 

 ასირიოლოგია წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ დარგს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ივანე ჯავახიშვილმა მიხაკო წერეთელთან ერთად, 1918-21. წ. ახლადშექმნილ უნივერსიტეტში დააარსა “ასირიოლოგიისა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიის” კათედრა. აკადემიკოსმა გრიგოლ გიორგაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1991 წელს აღადგინა მიხაკო წერეთლის მიერ დაარსებული კათედრა. 1992 წლიდან ასირიოლოგიის კათედრა შეუდგა ფუნქციონირებას, როგორც  1918-21  წლებში არსებული კათედრის მემკვიდრე.

თარიღი: 31/05/2023