თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თანამედროვე ლაბორატორიებით, სამედიცინო კვლევებისთვის საჭირო ტექნოლოგიით და ციფრული აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი გახსნა. იგი თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე იმუშავებს და უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიულ და პრაქტიკული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ-ის სამედიცინო ცენტრი სასწავლო-პრაქტიკულ სივრცეს წარმოადგენს. „ეს იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის პრაქტიკის მთავარი ბაზა, რომელიც მათ დაეხმარება გამოიმუშაონ ის უნარები, რომელიც მთავარია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მომავალი ექიმებისთვის. აქ წარმოდგენილი თანამედროვე აპარატურა, სიმულაციური ცენტრი არ ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების აღჭურვილობას“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
თსუ-ის სამედიცინო ცენტრში იმუშავებს ულტრაბგერითი კვლევის ლაბორატორია, სპირომეტრიის, ელექტროკარდიოგრაფიის, სტომატოლოგიის კაბინეტები.
თსუ-ის სამედიცინო ცენტრში პაციენტებს კონსულტირებას გაუწევენ თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები, სხვადასხვა სპეციალობის ექიმები: კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ქირურგი, პულმონოლოგი, რევმატოლოგი და სხვა.
სამედიცინო ცენტრში თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის უახლესი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი სიმულაციური სწავლება წარიმართება. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან როგორც დიაგნოსტიკურ კვლევებში, ასევე დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ პაციენტების გასინჯვაში.
თსუ-ის სამედიცინო ცენტრის გახსნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.