საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ექვს უმაღლეს სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც განათლების საერთაშორისო ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ითანამშრომლებენ ქვეყნის აკადემიური სივრცისთვის საჭირო აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით.

მემორანდუმს ხელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა მაკა იოსელიანმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ, ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ მოაწერეს ხელი.

განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჭელიძის ინფორმაციით, ხელმოწერა შედგა „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რაც თავის მხრივ, ,,ისწავლე საქართველოში’’ ფორმატს ემსახურება. "თანამშრომლობის შედეგად ჩვენ შევძლებთ ჩვენი კურსდამთავრებულები, ახალგაზრდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი შევთავაზოთ უნივერსიტეტებს. დაგეგმილი  გვაქვს უამრავი ღონისძიება, რომელიც საუნივერსიტეტო პროგრამას არამხოლოდ  ახალ კადრებს მიაწვდის, არამედ მისცემს საშუალებას რომ არსებული ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი გადამზადდეს. ამ პროგრამისთვის გვყავს სამი უცხოელი პარტნიორი (ისრაელი, უნგრეთი და საფრანგეთი), რომლებიც პედაგოგიურ და ადმინისტრაციულ მომზადებას უზრუნველყოფენ. იმედი გვაქვს, რომ შემდეგი წლიდან უფრო მეტი პარტნიორი გვეყოლება ამ პროგრამისთვის და საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას შევუწყობთ ხელს“,-განაცხადა ნინო ჭელიძემ.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; ითნამშრომლებენ ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების/პროექტების კონკურსისთვის საჭირო შეფასების სისტემების/მეთოდების შემუშავების კუთხით და ხელს შეუწყობენ ცენტრის კურსდამთავერებულთა ინტეგრირებას უნივერსიტეტის საქმიანობაში.


თარიღი: 08/02/2019