საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროკომისიის წარმომადგენლის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი ქრისტიან დანიელსონი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე, ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. ღონისძიებას, რომლის მასპინძელი იყო თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, სტუდენტებთან ერთად ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი და აკადემიკოსი, პროფესორი ლევან ალექსიძე  დაესწრნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით,  „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ევროკომისიის წარმომადგენელმა ქრისტიან დანიელსონმა ისაუბრა ევროპის გაფართოებასა და ამ კუთხით  საქართველოს პერსპექტივებზე. სტუდენტებმა ბევრი საინტერესო კითხვა დაუსვეს სტუმარს. უნივერსიტეტში მთელ ციკლს ვუძღვნით ევროკავშირს - სტუდენტები ხვდებიან საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სადაც ძალიან ცხარე და საინტერესო დისკუსია იმართება. მგონია, რომ უნივერსიტეტი არის ის ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს  ამ და ბევრი სხვა თემის ძალიან ცოცხალი, მაღალ პროფესიულ დონეზე და ინტელექტუალური  განხილვა.“
„მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტში ვიმყოფები. შევხვდი საინტერესო აუდიტორიას. ძალზე სასარგებლო ორდღიანი ვიზიტი გვქონდა საქართველოში. აშკარად ჩანს, რომ მთავრობა გეგმავს ძალზე ამბიცური რეფორმების განხორციელებას ისეთ სფეროებში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. მოხარული ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს მცდელობას ევროპასთან დაახლოების კუთხით. ვიზალიბერალიზაცია ხანგრძლივი პროცესია, ევროკომისიის მხრიდან შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველო აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული. ახლა ჯერი ევროპარლამენტზეა,“- განაცხადა ქრისტიან დანიელსონმა.
ქრისტიან დანიელსონის  საჯარო ლექციის "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გლობალურ კონტექსტში" შემდეგ ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს.
„საჯარო ლექცია ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო  ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ეგიდით დაარსებული თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დოქტორანტისთვის. საუბარი შეეხო  საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს, საქართველოს და ევროკავშირის მომავალს. რაც მთავარია, ინფორმაცია მივიღეთ ამ პროცესებში უშუალოდ  ჩართული ადამიანისგან, ეს ჩვენთვის, მკვლევრებისთვის მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დოქტორანტმა თამთა სარიშვილმა. 
ევროკავშირის წარმომადგენლები სააქართველოში ვიზიტის ფარგლებში  შეხვდნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს. 


თარიღი: 17/11/2018