საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროკავშირის პროექტი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

 

დაიწყო ევროკავშირის პროექტი „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“ (CoLLLab). მისი საშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს ახალგაზრდა პროფესიონალების ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფთხოების უნარების განვითარებას.

პროექტი მიზნად ისახავს ქართული საუნივერსიტეტო რესურსების  გაძლიერებას ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში პედაგოგთა/ტრენერთა პროფესიული გადამზადების კურსების დანერგვის გზით. პროექტის ფარგლებში 4 ქართულ უნივერსიტეტში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის   სახელმწიფო უნივერსიტეტი,   დაინერგება ლაბორატორიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები.

27 ოქტომბერს გამართულ ონლაინ ღონისძიებას, სხვადასხვა ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელი, მათ შორის: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, პროექტის განმახორცილებელი ორგანიზაციები, ბენეფიციარი რეგიონული უნივერსიტეტები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი,   ახალგაზრდობის სააგენტო, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა. შეხვედრაზე პროექტის გუნდმა წარადგინა პროექტის პარტნიორები, მიზნები და სამოქმედო გეგმა.  შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებელობები: პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა დასაქმების ბაზრის საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ. თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას კოვიდ-19  პანდემიასთან დაკავშირებული  ეროვნული გამოწვევების ფონზე და უნივერსიტეტის წამყვან როლს ახალგაზრდა პროფესიონალების გადამზადების საქმეში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გამოხატა მადლიერება ევროკავშირის საქართველოში ჯანდაცვის სექტორისა და ლაბორატორიული სამსახურის განვითარების კუთხით გაწეული დახმარებისათვის. მან ცენტრის სახელით გამოთქვა მზაობა პროექტის წარმატებით განხორციელების ხელშესაწყობად. ევროკავშირის პროექტის მენეჯერმა ნინო ყოჩიშვილმა პროექტის მნიშვნელობის პარალელურად ხაზი გაუსვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დასაქმების ბაზარს შორის მდგრადი კავშირების განვითარების აუცილებლობას ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსების დანერგვისა და განხორციელების გზით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ხორციელდება ეროვნული კონსორციუმის მიერ: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი),  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან: მილანის უნივერსიტეტი და ტერამოს უნივერსიტეტი. პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის სექტორული რეფორმის განმახორციელებლი პროგრამის „დასაქმების ბაზრის საჭიროებების შესაბამისი უნარების განვითარების მხარდაჭერა/უნარები სამუშაოსთვის, მე-2 ფაზა“  ნაწილს, რომლის  მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას ადამიანური რესურსების გაძლიერებისა და თანმხვედრი უნარების განვითარების გზით.პროექტის დაფინანსება შეადგენს 350 000 ევროს. პროექტის ხანგრძლივობაა 2 წელი და იგი განხორციელდება თბილისში და საქართველოს შერჩეულ  3 რეგიონში - კახეთში, იმერეთსა და აჭარაში.

თარიღი: 29/10/2020